ფეხბურთი

1:52 | 18.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი ოთხთა ფინალშია, გერმანია უსუსური იყო

უეფას ერთა ლიგის A დივიზიონში მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვა. საფრანგეთის ნაკრებს ესპანეთი შეუერთდა და ოთხთა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

IV ჯგუფში სევილიაში, ესპანეთმა გერმანიას უმასპინძლა. ალემანები კონკურენტს ერთი ქულით უსწრებდნენ და ფრეც ხელს აძლევდათ, მაგრამ ქულას ვინ ჩივის, საშვილიშვილო სირცხვილი ჭამა. ძნელად გასახსენებელია ასეთი უსუსური და უმწეო გერმანია. იოაჰიმ ლიოვის გუნდმა კარისკენ ორჯერ დაარტყა, სამაგიეროდ, მისი კარის მიმართულების 22-ჯერ დაარტყეს ესპანელებმა და შედეგიც ლოგიკურია - 6:0! ამას მატჩამდე ვინ წარმოიდგენდა, მაგრამ ფაქტია. „ფურია როხამ“ მეტოქე გააცამტვერა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ანგარიში ალვარო მორატამ გახსნა, მაგრამ საუკეთესო ფერან ტორესი იყო. „მანჩესტერ სიტის“ შემტევმა მანუელ ნოიერი სამჯერ დაამწუხრა და პირველი ესპანელი ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც გერმანიასთან ჰეთ-თრიქი შეასრულა. საბოლოოდ, ჯგუფში ესპანეთმა 11 ქულა დააგროვა, ხოლო გერმანია 9 ქულით მეორე ადგილს დასჯერდა. გეტყვით იმასაც, რომ გერმანიის ნაკრებმა ასეთი სხვაობით ისტორიაში პირველად წააგო ოფიციალური თამაში...

ამავე ჯგუფში შვეიცარია - უკრაინა არ გაიმართა, რადგან სტუმართა ბანაკში კორონავირუსი გამოვლინდა და უკრაინელები კარანტინში გადავიდნენ. უეფა ამ თამაშთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.

III ჯგუფში საფრანგეთი რომ იპირველებდა, ჯერ კიდევ წინა ტურში გაირკვა. მიუხედავად ამისა, დიდიე დეშამის გუნდმა შვედეთეს შინ 4:2 მოუგო. პორტუგალიამ კი სტუმრად ხორვატიის ნაკრებს 3:2 აჯობა. საბოლოოდ, ჯგუფში ბოლო ადგილზე შვედეთი გავიდა და B დივიზიონში დაქვეითდა.

ოთხთა ფინალში საფრანგეთი და ესპანეთი ითამაშებს, ხოლო დანარჩენი ორი ფინალისტის ვინაობა ოთხშაბათს გაირკვევა.

A დივიზიონი, III ჯგუფი

ხორვატია - პორტუგალია 2:3 (1:0)

გოლები: 1:0 კოვაჩიჩი (29), 1:1 რუბენ დიაში (53), 1:2 ჟოაო ფელიქსი (60), 2:2 კოვაჩიჩი (65), 2:3 რუბენ დიაში (90)

საფრანგეთი - შვედეთი 4:2 (2:1)

გოლები: 0:1 კლაესონი (5), 1:1 ჟირუ (16), 2:1 პავარი (36), 3:1 ჟირუ (59), 3:2 ქუაისონი (88), 4:2 კომანი (90)

A დივიზიონი, IV ჯგუფი

ესპანეთი - გერმანია 6:0 (3:0)

გოლები: 1:0 მორატა (17), 2:0 ტორესი (33), 3:0 როდრი (38), 4:0 ტორესი (55), 5:0 ტორესი (71), 6:0 ოიარზაბალი (89)

0.151499