ავტოსპორტი

11:04 | 14.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერი: ფერარის პრობლემებმა უკეთეს მრბოლად ჩამომაყალიბა

შარლ ლეკლერი ამბობს, რომ „ფერარისთვის“ მეტად რთულ სეზონში, მან მოთმინება ისწავლა, საბურავების გაფრთხილების უნარი დახვეწა და საერთო ჯამში, უკეთეს მრბოლად ჩამოყალიბდა.

2019 წლის სეზონში მან ყველას დაუმტკიცა, რომ გამარჯვების უნარი აქვს, მიმდინარე სეზონში კი კვალიფიკაციის მესამე ნაწილში გადასვლაც კი უჭირს. ამის მიზეზი, „ფერარის“ კონკურენტუუნარო მანქანაა. მაგრამ ლეკლერი მაინც კმაყოფილია.

„კმაყოფილი ვარ, რადგან როგორც მრბოლი, სეზონის დასაწყისთან შედარებით, უკეთესი გავხდი. განსაკუთრებით რბოლის დროს საბურავების მოფრთხილება ვისწავლე. გასულ სეზონში, ეს ჩემი ერთ-ერთი სუსტი მხარე იყო. ვატყობ, რომ ამ მხრივ, საქმე უკეთაა. ეს კი პოზიტივია. გარდა ამისა, რთულ პერიოდებში, სულ უფრო ახლოს ხარ იმ ადამიანებთან, ვისთანაც მუშაობა გიწევს“, - ამბობს ლეკლერი.

კითხვაზე, ნაკლებად კონკურენტული მანქანით უფრო მეტს სწავლობს, თუ სწრაფით, მონაკოელი პასუხობს: „ძნელი სათქმელია. მანქანა ამ სეზონში უფრო სუსტია და ვერ ვიტყვი, რა იქნებოდა, უკეთესი რომ იყოს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ მან უკეთეს მრბოლად ჩამომაყალიბა. რადგან რთულ მომენტებში, სხვაგვარად ვახერხებ საკუთარი თავის მოტივირებას. ვცდლობ გაუმჯობესებას, თუნდაც კვარცხლბეკისთვის ან გამარჯვებისთვის ბრძოლას ვერ ვახერხებდე. ჩვენ უფრო დაბალი საფეხურებისთვისაც ვიბრძვით. საერთო ჯამში, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება მოთმინებას, არ მგონია, რომ ადრე ეს თვისება მქონდა, მაგრამ ახლა სულ სხვაგვარადაა. ვფიქრობ, ამ მხრივაც მოვუმატე. ასე რომ, ახლა უფრო ძლიერი მრბოლი ვარ, ვიდრე სეზონის დასაწყისში ვიყავი“, - ამბობს ლეკლერი და დასძენს, რომ ყოველთვის ცდილობს საკუთარი სისუსტეების გაანალიზებას და მათ გაუმჯობესებას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112962