ფეხბურთი

14:24 | 13.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "ფეხბუთელებზე ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა იმოქმედა"

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ახლა ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებას (0:1) გამოეხმაურა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, შეცდომა იყო მთავარ იარაღზე - გულშემატკივრებზე უარის თქმა.

არველაძემ ფეისბუქში დაწერა, რომ ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ გადამწყვეტი გავლენა იქონია, თუმცა კარგი თაობა მოდის და გუშინდელი დღით არაფერი უნდა დასრულდეს.

"ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - ასეთი მნიშვნელობის მატჩი, ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა. ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო. ვალდებულები ვიყავით ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას. მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ. არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია. ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს", - დაწერა შოთამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118166