ფეხბურთი

2:23 | 8.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკო“ ლიდერია

როგორც იქნა, „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატში გაიმარჯვა. მანამდე კატალონიურ კლუბს ოთხი ტურის განმავლობაში ვერ მოეგო.

მაგრამ კუმანის შეგირდებს „ბეტისტანაც“ შეექმნათ პრობლემები. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა მესის გარეშე სცადა თამაში და არგენტინელი პირველ ტაიმში თადარიგში დატოვა. შემდეგ კი თქვა, კიევის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ მცირე დისკომფორტს გრძნობდა და სკამზეც ამად დავტოვეთო.

უკაპიტნოდ არაფერი გამოვიდა. მასპინძლებმა მომენტები კი შექმნეს, მაგრამ მხოლოდ დემბელემ შეძლო გატანა. გრიზმანმა კი მორიგი პენალტი გააცუდა. მეტიც, კატალონიელებმა „გასახდელის გოლი“ მიიღეს და ტაიმი ფრედ დამთავრდა.

შესვენებაზე კუმანმა ეტყობა გადაწყვიტა, რომ ექსპერიმენტების დრო აღარ იყო და ფატის მაგიერ მინდორზე მესი შეუშვა, რომელმაც მაშინვე გაატანინა გრიზმანს. თავად სფეროს არ შეხებია, თუმცა ისე ოსტატურად გაატარა საჯარიმოში ბურთი, რომ ფრანგს მხოლოდ ცარიელ კარში გატანა დარჩენოდა.

მალე „ბარსელონამ“ თერთმეტმეტრიანის უფლება მოიპოვა. დემბელეს დარტყმის შემდეგ, სტუმართა მცველ მანდის ბურთი ხელზე მოხვდა, შედეგად მეორე ყვითელი და გაძევებაც დაიმსახურა. მესიმ ნიშნულიდან „ცხრიანში“ დაარტყა.

სტუმრებმა გაიბრძოლეს და ერთი საპასუხო კიდევ გაიტანეს. მაგრამ, ეს იყო და ეს. მესიმ და პედრიმ კიდევ ორჯერ დაამწუხრეს ჩასულები. საინტერესოა, რომ არგენტინელ გენიოსს, ბოლო სამი თვის განმავლობაში, ნაკრებშიც და კლუბშიც მხოლოდ პენალტიდან გაჰოქნდა გოლები. ამჯერად კი თამაშიდან შეაგდო.

მოკლედ, „ბარსელონამ“ ბოლო ხუთ ტურში პირველად გაიმარჯვა და სატურნირ ცხრილში მერვე ადგილზეა.

ერთი ცუდი ამბავი კი დაემართათ. ჭაბუკმა ფატიმ მენისკის მძიმე ტრავმა მიიღო და როდის დაუბრუნდება მინდორს, ჯერჯერობით უცნობია.

“ატლეტიკომ“ დღის გვიან მატჩში შინ „კადისი“ გაანადგურა 4:0 და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა, თუმცა „სოსიედადს“ მხოლოდ ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით უსწრებს.

დიეგო სიმეონეს ბიჭებმა თავიდანვე მედგრად შეუტიეს და ასე გაგრძელდა მთელი მატჩის განმავლობაში, რაცი მათი სტილიდან გამომდინარე ცოტა უცნაურია. ჟოაო ფელიშმა დუბლი მიითვალა, ლუის სუარესმაც შეაგდო „თავისი.“

„ატლეტიკო“ ერთადერთი გუნდია, რომელიც მიმდინარე სეზონში არ დამარცხებულა. საერთოდ კი მადრიდელთა წაუგებელმა სერიამ ზედიზედ 23 მატჩს უწია.

ესპანეთი

პრიმერა. 9 ტური. 7 ნოემბერი.

ბარსელონა - ბეტისი 5:2

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“

1:0 დემბელე (22), 1:1 სანარბია (45+2), 2:1 გრიზმანი (49), 3:1 მესი (61 პენ), 3:2 ლორენი (73), 4:2 მესი (82), 5:2 პედრი (90)

33-ე წუთზე გრიზმანმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა, დე იონგი, ბუსკეტსი (პიანიჩი 86), დემბელე (ტრინკანი 66), პედრი, ფატი (მესი 46), გრიზმანი (ბრეიტვეიტი 78)

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

ბეტისი: ბრავო, ემერსონი, მანდი, ბარტრა, მორენო, როდრიგესი, კარვალიო, ხოაკინი (რუიბალი 63), კანალესი (როდრი 86), სანარბია (ლორენი 72), ტელიო (რუისი 63)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

მსაჯი: კუადრა ფერნანდესი

გაფრთხილება: ფატი (37), პედრი (41); მანდი (32), მორენო (45)

გაძევება: მანდი (60)

ატლეტიკო - კადისი 4:0

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“

1:0 დელიში (8), 2:0 ლიორემტე (22), 3:0 სუარესი (51), 4:0 ფელიში (90)

ატლეტიკო: ობლაკი, ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ერმოსო, ერერა (ტორეირა 62), კოკე (კონდოგბია 72), ლიორენტე (კორეა 55), საული, ფელიში, სუარესი (ლემარი 71)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

კადისი: ლედესმა, აკაპო (ალკალა 46), ფალი, კალა, ესპინო (ხაირო 46), იონსონი (გარიდო 72), აუგუსტო ფერნანდესი, ალექს ფერნანდესი (პომბო 61), სალვი, ლოსანო (პერეა 61), ნეგრედო

მწვრთნელი: ალავრო სერვერა

მსაჯი: კორდრო ვეგა

გაფრთხილება: კონდოგბია (85); იონსონი (57)

სევილია - ოსასუნა 1:0

1:0 ოკამპოსი (59 პენ)

უესკა - ეიბარი 1:1

0:1 ბურგოსი (38), 1:1 მირი (67)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115031