ვუელტა ესპანიას ურთულესი მე-11 ეტაპი, რომელზეც მრბოლებს ოთხი პირველი კატეგორიის აღმართის გავლამ მოუწია, ფრანგი დავიდ გაუდუს გამარჯვებით დასრულდა, ვისთვისაც ეს ველომარათონებზე პირველი ტრიუმფია.
ლიდერთა განლაგება კი ისევ არ შეცვლილა - სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი (ჯუმბო-ვისმა) ისევ წითელ მაისურში გააგრძელებს ასპარეზობას. მას ისევ ნული წამით ჩამორჩება ეკვადორელი რიჩარდ კარაპასი (ინეოს გრენადერსი).
გაუდუმ ოთხი წამით აჯობა ესპანელ მარკ სოლერს (მოვისტარი), ვისაც მეორე ეტაპი აქვს მოგებული. მესამე და მეოთხე ადგილები, „ტიმ სანვების“ ავსტრალიელმა მაიკლ სტორერმა და ბრიტანელმა მარკ დონოვანმა, რომლებიც გამარჯვებულს 52 წამით ჩამორჩნენ.
რბოლის წინ, ველომრბოლებმა და გუნდებმა გააპროტესტეს ორგანიზატორთა გადაწყვეტილება ჯგუფურ ფინიშზე დროის განაწილების წესის შეცვლის შესახებ. ახალი წესის შესაბამისად, ჯგუფს ერთი დრო დაეწერება, თუ მასში მყოფ მრბოლებს შორის, 3 წამზე ნაკლებია. მაგრამ პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ახალი წესი მე-9 ეტაპის დასრულების შემდეგ შემოიღეს, რის გამოც, კლასიფიკაციაში განლაგებები შეიცვალა. ორგანზატორებმა თავიანთი გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ჯგუფური სპრინტი უფრო უხიფათო გახდება.
ასეა თუ ისე, ვუელტა გრძელდება და კვირას მის მონაწილეებს ურთულესი გამოცდა ელით მთა ანგლირუზე.







