სხვა

1:28 | 29.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

როგლიჩმა ვუელტას მერვე ეტაპი მოიგო და ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა

ვუელტას მერვე ეტაპი, ესპანური ველომარათონის მოქმედმა ჩემპიონმა, სლოვენიელმა პრიმოჟ როგლიჩმა მოიგო, რომელმაც ბოლო კილომეტრზე წამოწყებული შეტევით შეძლო მდევართა უკან მოტოვება და ფინიშიც პირველმა გადაკვეთა. ამ მოგებით, „ჯუმბო-ვისმას“ მრბოლმა, საერთო ჩათვლაში ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა.

164-კილომეტრიანი მარშრუტის მიწურულს, როგლიჩსა და მის მთავარ კონკურენტს, ეკვადორელ რიჩარდ კარაპასს (ინეოს გრენადერსი) შორის დაძაბული პაექრობა გაიმართა. თუმცა როცა სლოვენიელმა გადამწყვეტი შეტევა დაიწყო, კარაპასს პასუხისთვის ძალა აღარ ეყო. ის როგლიჩს 13 წამით ჩამორჩა, თუმცა ამის მიუხედავად, ლიდერის წითელი მაისური მაინც შეინარჩუნა.

როგლიჩისთვის ეს მიმდინარე ვუელტაზე მოგებული მეორე რბოლაა, რისთვისაც ბონუსის სახით, 10 წამიც დაიმსახურა. კარაპასმა მეორე ადგილისთვის მხოლოდ ექვსი ბონუს წამი მიიღო. ამ მოგებით, როგლიჩმა მეოთხედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ახლა კარაპასს მხოლოდ 13 წამით ჩამორჩება. მესამე ადგილზე გადაინაცვლა ირლანდიელმა დანიელ მარტინმა (ისრაელ სტარტ-აპი), ბრიტანელი ჰიუ კართი (EF პრო საიკლინგი) კი, რომელიც მანამდე მეორე იყო, მეოთხემდ დაქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ როგლიჩმა ვუელტას პირველივე ეტაპი მოიგო, მაგრამ ლიდერობა კარაპასს მას შემდეგ გადააბარა, რაც კვირის ეტაპზე ველოსიპედი დაუზიანდა და ამაზე დრო დაკარგა. იმავე ეტაპის წინ, მან ძლიერი მხარდამჭერი დაკარგა ჰოლანდიელი თანაგუნდელის, ტომ დუმულინის სახით, რომელიც რბოლას გადაღლის გამო გამოეთიშა.

„რბოლის ბოლოს ძალიან რთული აღმართი გვქონდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ეს ჩემთვის შანსი იყო. როცა მოგება გინდა, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო. ჰოდა, მეც ასე მოვიქეცი. ვგრძნობდი, რომ ყველაფერი გამომივიდოდა. საერთოდ, როცა მცირე შანსი მეძლევა, მის გამოყენებას ვცდილობ, რადგან მოგება ძალინ მიყვარს. ძალიან მიხარია, რომ ამ შეტევისთვის ფეხები შემრჩა და რბოლა მოვიგე“, - განაცხადა როგლიჩმა, რომელმაც ტურ დე ფრანსზე გამარჯვება, ველომარათონის მიწურულს გაუშვა ხელიდან.

მომდევნო ორ ეტაპზე აღმართები ნაკლებადაა და ამიტომ, გამარჯვებისთვის სპრინტის ოსტატები იბრძოლებენ. რბოლის ლიდერებისთვის კი ერთგვარი დასვენების დრო დადგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11711