ძიუდო

23:51 | 25.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების ორი ბრინჯაო ბუდაპეშტის გრანდ სლემიდან

ბუდაპეშტის გრანდ სლემი დასრულდა და ქართველ ძიუდოისტთა მონაგარი ორი ბრინჯაოს მედალია. შეჯიბრის ბოლო დღეს ორივე მედალი 100+ კგ წონითი კატეგორიის მონაგარია.

გელა ზაალიშვილმა და ლევან მატიაშვილმა აბსოლუტურად იდენტური გზა გაიარეს და რეპეშაჟიდან მოახერხებს კვარცხლბეკზე ასვლა.

ზაალიშვილმა ასპარეზობა ყირგიზი იური კრაკოვეცკის დამარცხებით დაიწყო, რასაც უნგრელ რიჩარდ სიპოშთან გამარჯვებაც მოჰყვა. მესამე წრეში ქართველი ძიუდოისტი რუს ინალ ტასოევთან ვერაფერს გახდა და დამარცხდა. თუმცა, დამამშვიდებელ ტურნირში გადაინაცვლა, სადაც ორივე ბრძოლა მოიგო. გელამ ჯერ უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბოევს აჯობა, შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ნიდერლანდელი იურ სპიკერსიც დაჯაბნა.

იგივე გზით მოიპოვა მედალი ლევან მატიაშვილმა, რომელმაც ყაზახი იერასლი კაჟაბაიევი და ბრაზილიელი დავიდ მოურა დაამარცხა, მაგრამ მესამე წრეში რუს ტამერლან ბაშაევთან ხელი მოეცარა. რეპეშაჟში ლევანმა ბრაზილიელი რაფაელ სილვასა და ებრაელი ორ სასონის წინააღმდეგობა დაძლია და მედალს დაეუფლა.

შეჯიბრის ბოლო დღეს ტატამზე 90 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილიც გავიდა, რომელიც პირველივე შეხვედრაში რუს მიხაილ იგოლნიკოვთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ამ წონაში ოქროს მედალს ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103329