ფეხბურთი

20:12 | 25.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ანორთოსისის" პრინციპული გამარჯვება და ქვილითაიას ლამაზი გოლი (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მერვე ტურში „ანორთოსისმა“ მოიგო და გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა. თემურ ქეცბაიას გუნდი ერთ-ერთ კონკურენტ და პრინციპულ მეტოქეს, „აპოელს“ დაუპირისპირდა და 2:0 აჯობა.

თავიდანვე გეტყვით, რომ მცირე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, რაც ნიშნავს, რომ დაზიანება აღარ აწუხებს. თორნიკეს დარად 90 წუთი გაატარეს მოედანზე გიორგი ლორიამ, მურთაზ დაუშვილმა და გიორგი ქვილითაიამ.

ქართველმა ფორვარდმა 67-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და მოხდენილი გოლი გაიტანა. ეს მისთვის მესამე გოლია (5 თამაშში) „ანორთოსისში“ ყველა ტურნირის ჩათვლით, უშუალოდ კვიპროსის ჩემპიონატში კი მეოთხე თამაშში თავი მეორედ გამოიჩინა. აქვე ვთქვათ, რომ პირველი გოლი ფამაგუსტელთა რიგებში აპოელის წინააღმდეგ ბრანკო ვრგოცმა გაიტანა.

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 16 ქულას მოუყარა თავი, მეორე ადგილზეა და ლიდერ ლიმასოლის „აპოლონს“ 3 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს ქართველების გუნდი 28 ოქტომბერს „ეთნიკოს ახნასთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116836