ფეხბურთი

22:23 | 23.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ლიდერთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის გადადებული მატჩი „დინამო თბილისსა“ და „საბურთალოს“ შორის დღეს გაიმართა. ეს იყო პირველი მატჩი ჩისკოს გუნდისთვის ევროპა ლიგაზე მძიმე მარცხის შემდეგ.

თუმცა, მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა და „დინამო“ დღევანდელ დაპირისპირებას კარგ ფორმაში შეხვდა. პირველივე ტაიმში ყველა კითხვის ნიშანი გაქრა. ნოდარ ქავთარაძემ დუბლი გაიფორმა, ამ გოლებს შორის გიორგი პაპავამაც გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლოს პაპავამ წითელი ბარათიც მიიღო და „დინამო“ კაცნაკლული დარჩა.

თუმცა, „საბურთალომ“ ამით ვერ იხეირა, ოდენ პრესტიჟის გოლი გაიტანა, რომელიც გაგი მარგველაშვილის ანგარიშზეა. სხვათა შორის, მასპინძლებმა თამაში 9 ფეხბურთელით ჩაამთავრეს, რადგან ბოლოსკენ ვიქტორ მონხილი გააძევეს. იმავე ეპიზოდში „საბურთალომ“ პენალტის მეორედ შესრულების უფლება მიიღო და მარგველაშვილს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ვერ გაიტანა და თამაშიც დასრულდა.

„დინამო თბილისმა“ 25 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, ხოლო ლიდერ „დინამო ბათუმს“ კინკილა ქულა აშორებს, ამასთან თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული. რაც შეეხება „საბურთალოს“, ლევან კორღალიძის გუნდს ისევ 20 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციაზეა.

„დინამო თბილისი“ – „საბურთალო“ 3:1 (3:0)

გოლები: 1:0 ქავთარაძე (12, პენ), 2:0 პაპავა (21), 3:0 ქავთარაძე (40), 3:1 მარგველაშვილი (71, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123856