რაგბი

18:15 | 22.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსმა გორის "ჯიქშიც" შეაღწია

კიკეთის ‘იუნკერებმა’ და თბილისის ‘ლოკომოტივმა’, კლუბში დაფიქსირებული კოვიდ-ინფექციის შემდეგ კარანტინი დაასრულეს და ჩემპიონატს აგრძელებენ.

სამაგიეროდ, ამჯერად ვირუსი გორის ‘ჯიქში’ დაფიქსირდა და 23 ოქტომბერს ის ქუთაისის ‘აიას’ ვეღარ დაუხვდება. „ბ“ ჯგუფში ეს პირველი გადადებული თამაშია.

„ა“ ჯგუფი

ამრიგად, დიდი 10-ის მესამე ტური პარასკევს, ერთი მატჩით გაიხსნება. „ა“ ჯგუფში თბილისის ‘ლოკომოტივი’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ მასპინძლობს. გუნდები 4-4 ქულით მეორე-მესამე ადგილზე არიან, თუმცა თბილისელებს მხოლოდ ერთი თამაში აქვთ ჩატარებული. რკინიგზელებმა პირველ ტურში რუსთავის ‘ხარებს’ 16:11 სძლიეს, მეორე ტურში კი პანდემიის გამო არ უთამაშიათ. შეძლეს თუ ვერა მათ უქმობის შემდეგ ფორმის აღდგენა ხვალ გამოჩნდება.

‘ვეფხვებმა’ უძლიერესთა შორის დაბრუნება ‘ლელო-სარასენსის’ 20:15 ძლევით აღნიშნა, მაგრამ მეორე ტურში თბილისის ‘აკადემიას’ ვერაფერი მოუხერხა და 13:50 დამარცხდა. ახლა კახელები პირველ გასვლით მატჩს ატარებენ და ‘ლოკომოტივს’ „ავჭალაზე“ ეწვევიან. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.

24 ოქტომბერს, 18 საათზე, დაუმარცხებელი ‘აკადემია’ ‘ხარებს’ „რაგბი პლატოზე“ მასპინძლობს. თბილისელებს პირველ ტურში გაუმართლათ, ‘იუნკერებმა’ გაწითლებულ დროზე გატანილი ლელო ვერ გარდასახა და „მხატვრებმა“ 21:20 მოიგეს. სამაგიეროდ, მეორე ტურში მათ ‘ვეფხვებთან’ ბონუსიც აიღეს და 9 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. ‘ხარებმა’ მხოლოდ პირველ ტურში, ‘ლოკომოტივთან’ ითამაშა და 1 ბონუს-ქულა აქვს.

„ა“ ჯგუფის მესამე ტურის დასკვნით მატჩში ის გუნდები ითამაშებენ, რომელთაც ერთი კვირის წინ უქმობა მოუწიათ. კიკეთის ‘იუნკერები’ თბილისის ‘ლელო-სარასენსს’ 25 ოქტომბერს 18 საათზე, „ავჭალაზე“ მასპინძლობს. პირველ ტურში ორივე გუნდი მცირედით დამარცხდა და ახლა პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან.

„ბ“ ჯგუფი

24 ოქტომბერს მარნეულის ‘არმაზი’ დიდი 10-ის დებიუტანტ ქუთაისის ‘არესს’ „შევარდენზე“, 16 საათზე უმასპინძლებს. ‘არმაზმა’ ორივე თამაში დათმო, თუმცა გასულ კვირას, ‘ბათუმთან’ მოგების კარგი შანსი ჰქონდა და არეკნი 78-ე წუთზე გაუშვა – 22:23.

‘არესი’ დებიუტანტი კია, მაგრამ ორი ტურის შემდეგ დაუმარცხებელია! სადებიუტო მატჩში ქუთაისელებმა ჩემპიონი ‘ბათუმი’ გაწითლებულ დროზე 17:15 დაამარცხეს. მათ მეორე თამაშის მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ გორის ‘ჯიქთან’ 17-ქულიანი უპირატესობა დასკვნით 15 წუთში გაანიავეს და საბოლოოდ ფრეს დასჯერდნენ – 20:20. ‘არესი’ უმაღლეს ლიგაში პირველ გასვლით მატჩს ატარებს.

25 ოქტომბერს ბოლნისის ‘ყოჩები’ ‘ბათუმს’ „რაგბი პლატოზე“ 16 საათზე დაუხვდება. ორივე გუნდს თითო მოგება აქვს და 5-5 ქულით მესამე-მეოთხე პოზიციაზე არიან.

‘ყოჩებმა’ პირველი თამაშში ‘ჯიქს’ ბონუსით მოუგო, ერთი კვირის წინ კი ქუთაისში ‘აიასთან’ უშანსოდ დამარცხდა. ‘ბათუმმა’ ‘არესთან’ გამარჯვება ხელიდან გაწითლებულ დროზე გაუშვა და ბონუსს დასჯერდა, ერთი კვირის წინ კი ‘არმაზს’ მატჩის მიწურულს გატანილი არეკნით სძლია.

0.105792