ფეხბურთი

0:18 | 22.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

6 ფეხბურთელი, რომლებიც ვან დეიკის მსგავსი ტრავმის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდნენ

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა "ევერტონთან" შეხვედრაში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ფაქტობრივად მისთვის სეზონი დასრულებულია. "მერსისაიდელებმა" ფეხბურთელი პრემიერლიგის 25-კაციანი შემადგენლობიდან ამოიღეს და მისი შემცვლელის მოძებნა დაიწყეს.

ჰოლანდიელს გრძელვადიანი სარეაბილიტაციო პერიოდი ელოდება ოპერაციის შემდეგ და BBC Sport-მა ექვსი ფეხბურთელის სია წარმოადგინა, რომლებმაც მსგავსი დაზიანება მიიღე, თუმცა ფეხბურთს წარმატებულად დაუბრუნდნენ.

1.ალან შირერი

როდესაც წინა ჯვარედინი იოგების დაზიანების აღდგენაზე ვსაუბრობთ, ალან შირერი ყველაზე კარგი მაგალითია. ინგლისელი "ბლექბერნში" ახალწვეული იყო 1992 წელს როდესაც აღნიშნული დაზიანება მარჯვენა მუხლზე მიიღო.

შირერმა წარმატებულად გაიარა რეაბილიტაცია და შემდეგ სეზონში პრემიერლიგაში 31 გოლი გაიტანა. 1994/95 წლების სეზონში კი ალანმა 34-ჯერ გამოიჩინა თავი და ბომბარდირობასთან ერთად ინგლისის ჩემპიონობაც იზეიმა. საბოლოოდ შირერმა კარიერის განმავლობაში 260 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

2.რუდ ვან ნისტელროი

ჰოლანდიელი ფეხბურთელი 2000 წელს ახლოს იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გამხდარიყო, თუმცა ტრავმის გამო სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. ცოტა ხანში კი პსვ-ს ვარჯიშზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და სარეაბილიტაციო პერიოდი ცხრა თვე გაუგრძელდა.

საბოლოოდ სერ ალექს ფერგიუსონმა 2001 წელს მაინც შეძლო რუდის დამატება, რომელმაც "მანჩესერ იუნაიტედის" მაისურით ჩატარებულ 219 მატჩში 150 გოლი გაიტანა. ნისტელროიმ პრემიერლიგა, ლიგის თასი და ასოციაციის ტასი მოიგო, ხოლო "რეალში" თამაშის პეროდში ესპანეთის ჩემპიონი ორჯერ გახდა.

3.ჩავი

ჩავი ერნანდესი "ბარსელონას" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი. 2005 წლის დეკემბერში ერნანდესმა მუხლზე დაზიანება მიიღო, ოპერაცია გაიკეთა და ფაქტობრივად მისთვის სეზონი დამთავრებული იყო, თუმცა ესპანელმა რეაბილიტაცია ხუთ თვეში გაიარა. ჩავი სეზონის ბოლოს "ბარსელონას" ლა ლიგის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული დაზიანების შემდეგ ჩავიმ ლა ლიგა ხუთჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ოთხჯერ გახდა, ასევე ორჯერ ევროპის ჩემპიონობაც იზეიმა და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

4.რობერ პირესი

2001/02 წლების სეზონის ბოლოს ინგლისში ფეხბურთზე მომუშავე ჟურნჯალისტებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად რობერ პირესი დაასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგმა სეზონი ნაადრევად მარტში დაასრულა. იმ სეზონში "არსენალმა" პრემიერლიგა მოიგო.

პირესმა ჯვარედინი იოგების დაზიანების გამო 2002 წლის მუნდიალი გამოტოვა, სადაც საფრანგეთი ჯგუფში ჩარჩა. მიუხედავად მძიმე ტრავმისა, პირესმა სრულფასოვანი რეაბილიტაცია მოახდინა და "არსენალს" პრემიერლიგის 2003/04 წლების სეზონის გაჩემპიონებაში დეხმარა, თან ისე რომ ფრანგმა (ნახევარმცველი) 19 გოლის გატანა შეძლო.

5.ზლატან იბრაჰმოვიჩი

ზლატანმა ტრავმა 35 წლის ასაკში მიიღო. 2017 წლის აპრილში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ანდერლეხტს" ხვდებოდა ევროპა ლიგაზე, როდესაც შვედმა დაზიანება მიიღო. წინასწარი პროგნოზით ზლატანი ერთი წელი ვერ ითამაშებდა, თუმცა შვედი მოედანს შვიდ თვეში დაუბრუნდა.

39 წლის ასაკში იბრაჰიმოვიჩი კვლავ მაღალ დონეზე თამაშობს. გასულ სეზონში ზლატანმა "მილანის" მაისურით 20 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა, მიმდინარე სათამაშო წელს კი იტალიის ჩემპიონატში 2 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ბომბარდირებს შორის იმყოფება.

6.როი კინი

1997 წლის სექტემბერში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა როი კინმა ჯვარედინი იოგების დაზიანება "ლიდსთან" მატჩში მიიღო, როდესაც მას ნორვეგიელი მცველი ალს-ინგე ჰოლანდი (ერლინგის მამა) შეეჯახა. ამის გამო ფეხბურთელმა მთელი მომდევნო სეზონამდე ვერ ითამაშა და 1998/99 წლების სეზონში კი სამი ტიტული მოიპოვა.

კინმა ჰოლანდთან შეჯახება და მძიმე ტრავმა დაიმახსოვრა და 2001 წელს მანჩესტერულ დერბიში ფეხბურთელები ერთმანეთს კიდევ ერთხელ გადაეყარნენ და ამჯერად როიმ შური იძია - ირლანდიელმა ნორვეგიელს ისეთი დაზიანება მიაღებინა, რომ ჰოლანდს კარიერის დასრულება ურჩიეს. კინმა თავის ავტობიოგრაფიაში დაწერა, რომ "ამ მომენტს დიდხანს ველოდი, მინდონა მისთვის მაგრად დამერტყა."

0.150595