სხვა

22:32 | 20.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთს ბრალად ედება ტოკიო-2020-ის ჩაშლის მცდელობა

ბრიტანელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაასახელს რუსეთის სამხედრო დაზვერვის იმ ქვედანაყოფის ნომერი, რომელიც სხვადასხვა მიზნებით კიბერთავდასხმებს ახორციელებდა, მათ შორის ერთ-ერთი სამიზნე იყო ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩაშლა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ დანაყოფის ექვსმა წევრმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სამიზნეებზე თავდასხმაში, დაწყებული 2017 წლის საფრანგეთის არჩევნებით და დასრულებული 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშებით. ბრალდებები უკვე წარედგინათ ბრალდებულებს.

ბრიტანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურები კიბერშეტევებით ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადავადებამდე მის ჩაშლას გეგმავდნენ.

„ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების წინააღმდეგ რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურის ქმედება ცინიკური და უგუნურია. ჩვენ მათ ვგმობთ მთელი სიმკაცრით," - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების ფონზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრესსამსახური განმარტავს, რომ კიბერუსაფრთხოება IOC-ის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა: IOC-მა და ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა კიბერუსაფრთხოება პრიორიტეტულ სფეროდ განსაზღვრეს და დიდ ინვესტიციებსაც ვახორციელებთ, რათა ოლიმპიურ თამაშებზე კიბერუსაფრთხოების საუკეთესო გარემო შევქმნათ."

შეგახსენებთ, რომ დოპინგსკანდალების გამო, რუსეთის დელეგაცია 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ოლიმპიური დროშის ქვეშ, ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობდა. რუს სპორტსმენებს იგივე სტატუსით მოუწევთ გამოსვლა ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზეც.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.083175