ფეხბურთი

10:23 | 20.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა - ახალი სეზონი, ახალი მოლოდინი

ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონი დღეს სტარტს ოფიციალურად აიღებს და ჯგუფური ეტაპი დაიწყება. ცალსახაა, რომ დღის ცენტრალური შეხვედრა H ჯგუფში შედგება, სადაც „პარი სენ ჟერმენი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს. სხვა ჯგუფებშიც არის საინტერესო მატჩები, მაგალითად, „ჩელსი“ – „სევილია“ და კიევის „დინამო“ „იუვენტუსი“.

პსჟ-ს „მანჩესტერთან“ საქმე სარევანშოდ აქვს. ალბათ გახსოვთ, ორი წლის წინ დრამატული მერვედფინალური დუელი, როცა „ოლდ ტრაფორდზე“ ფრანგებმა 2:0 იმარჯვეს პირველ მატჩში, მაგრამ შემდეგ შინ 1:3 წააგო და გავარდა. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ამ გუნდების გზები გადაიკვეთა და ახლა უკვე მეორედ მოხდა იგივე. „პარი სენ ჟერმენი“ მშვენიერ ფორმაშია, გასული სეზონის ფინალისტია და წყვილშიც ფავორიტია. მითუმეტეს, რომ „მანჩესტერს“ სეზონის სტარტზე პრობლემები აქვს, „ოლდ ტრაფორდზე“ აგებს, მაგრამ სტუმრად იგებს. სხვათა შორის, არ ითამაშებს ედინსონ კავანი, პსჟ-ს ლეგენდა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, რომელიც ცოტა ხნის წინ „მანჩესტერის“ ფეხბურთელი გახდა. ურუგვაელი მწყობრშია, უბრალოდ სათანადო ფორმაში არაა და ოლე გუნარ სულშერმა გადაწყვიტა, რომ მის თამაშს ახლა აზრი არ აქვს. ამავე ჯგუფში გასული სეზონის ნახევარფინალისტი და ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა „ლაიფციგი“ საკუთარ მოედანზე თურქეთის ჩემპიონ და ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ „ბაშაკშეჰირს“ დაუპირისპირდება.

E ჯგუფში ლონდონის „ჩელსის“ მეტოქე „სევილიაა“, რომელიც კარგ ფორმაშიადა ევროპა ლიგის მოქმედი ტრიუმფატორია. ფრენკ ლამპარდის „ჩელსი“ წინა სეზონთან შედარებით ძალიან გაძლიერდა, მაგრამ გუნდი ჯერ არასტაბილურია. ყოველშემთხვევაში, რამდენადაც კარგია ინგლისური გუნდი შეტევაში და რამდენადაც დიდი პოტენციალი აქვს, იმდენად საშინლად თამაშობს დაცვაში. ცხადია, ლამპარდს ამ ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობა მოუწევს. ამავე ჯგუფში ჩემპიონთა ლიგაზე ორ გუნდს ექნება დებიუტი - საფრანგეთში „რენი“ რუსულ „კრასნოდარს“ დაუხვდება და ორივესთვის ეს ტურნირი ახალი ხილია.

F ჯგუფში რომის „ლაციო“ დორტუნდის „ბორუსიას“ დაუხვდება. ესეც საკმაოდ საინტერესო მატჩია იმდენად რამდენადაც, სიმონე ინძაგის გუნდიც და ლუსიენ ფავრის გუნდიც კარგ ფეხბურთს თამაშობენ. მართალია, „ლაციო“ ბოლო დროს ხშირად ვეღარ იგებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე 13-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და თავისთავად ნათელია, რომ დიდი მოტივაციით გავა მოედანზე. მოტივაცია არ უნდა აკლდეს რომაელთა ბომბარდირ ჩირო იმობილესაც, რომელიც ერთი პერიოდი „დორტმუნდში“ თამაშობდა, მაგრამ შანსი ვერ მიიღო და გერმანიის დატოვება მალევე მოუწია. ამავე ჯგუფის მეორე დაპირისპირება სანქტ-პეტერბურგში, „ზენიტსა“ და „ბრიუგეს“ შორისაა დაგეგმილი.

და ბოლოს, G ჯგუფი, სადაც კიევის „დინამო“ და „იუვენტუსი“ შეხვდებიან. მირჩა ლუჩესკუ ანდრეა პირლოს წინააღმდეგ. აქ საქმე მხოლოდ დიდ კონტრასტში არაა, რაც გამოცდილებასა და გამოუცდელობას გულისხმობს, არამედ ერთ საინტერესო ფაქტში. 1995 წელს სერია A-ში 16 წლის ანდრეა პირლოს დებიუტი შედგა, მაშინ ის „ბრეშას“ ღირსებას იცავდა, ხოლო მთავარი მწვრთნელი ლუჩესკუ იყო. ამრიგად, რუმინელმა პირლოს დიდ ფეხბურთში დაულოცა გზა და ახლა ისე მოხდა, რომ ანდრეას სამწვრთნელო კარიერაში პირველი მატჩის ჩატარება ჩემპიონთა ლიგაზე ყოფილი დამრიგებლის წინააღმდეგ უწევს. ცხადია, „იუვე“ კიევში, სადაც აქამდე ორჯერ უთამაშია და ორჯერვე მოუგია, ფავორიტის სტატუსით ჩავიდა, თუმცა კრიშტიანუ რონალდუს გარეშე, რომელსაც კორონავირუსი აქვს. კიეველთა და ტურინელთა დაპირისპირებებიდან აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 1997-1998 წლების სეზონის მეოთხედფინალი, როცა „იუვემ“ მეტოქეს ორი მატჩის ჯამში 5:2 აჯობა (1:1 ტურინში და 4:1 კიევში). 2002-2003 წლების სეზონში კი ჯგუფურ ეტაპზე მოუგო ორჯერ - 5:0, 2:1. მოკლედ, „დინამოს“ „იუვენტუსთან“ ცუდი წარსული აქვს, მაგრამ ახლა უშანსოდ არაა, რადგან „ბებერი ქალბატონი“ საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორსაა. ამავე ჯგუფში „ბარსელონა“, რომელიც ასევე ცუდ ფორმაშია, უნგრულ „ფერენცვაროშს“ უმასპინძლებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე 1995 წლის შემდეგ პირველ მატჩს ჩაატარებს. უეფას ვებგვერდის ვერსიით, სავარაუდო ძირითად შემადგენლობაში არ წერია ლაშა დვალი, რომელიც ალბათ თადარიგიდან დაიწყებს შეხვედრას. „ბარსელონას“ რაც შეეხება, ლა ლიგაში ბოლო ორ მატჩში კინკილა ქულა მოიპოვა და დღეს მოგება აუცილებლად სჭირდება, მითუფრო, რომ მომდევნო ორი თამაში ურთულესი აქვს - ჯერ „ელ კლასიკო“ „რეალთან“ და მერე „იუვენტუსთან“ მეორე ტურის დაპირისპირება.

„ზენიტი“ – „ბრიუგესა“ და „დინამო“ – „იუვენტუსის“ მატჩები 20:55 საათიდან, ხოლო დანარჩენი მატჩები 23:00 საათზე დაიწყება. სხვათა შორის, ზოგიერთი მატჩი მაყურებლებით ჩატარდება, ზოგიც უმაყურებლოდ. ზოგან მიიღეს უეფას შეთავაზებული 30%-იანი ლიმიტი, ხოლო ზოგან უარი თქვეს...

E ჯგუფი

„რენი“ – „კრასნოდარი“

„რენი“ (4-5-1): გომისი; ტრაორე, და სილვა, რუგანი, დალბერტი; ნზონზი, კამავინგა, დოკუ, ბურიგო, ტერიე; გირასი

„კრასნოდარი“ (4-3-3): საფონოვი; პეტროვი, მარტინოვიჩი, კაიო, რამირესი; უტკინი, გაზინსკი, ვილენა; კლაესონი, ბერგი, სულეიმანოვი

„ჩელსი“ – „სევილია“

„ჩელსი“ (4-2-3-1): მენდი; ასპილიკუეტა, ტიაგო სილვა, ზუმა, ჩილველი; ჟორჟინიო, კანტე; პულიშიჩი, ჰავერტცი, მოუნთი; ვერნერი

„სევილია“ (4-3-3): ბონო; ნავასი, გომესი, კარლოსი, აკუნია; ფერნანდო, რაკიტიჩი, ჯორდანი; ოკამპოსი, დე იონგი, სუსო

F ჯგუფი

„ლაციო“ – „დორტმუნდი“

„ლაციო“ (3-5-2): სტრაკოშა; პატრიკი, აჩერბი, ლუის ფელიპე, მარუშიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუკას ლეივა, ლუის ალბერტო, ფარესი; კორეა, იმობილე

„დორტმუნდი“ (3-4-1-2): ბიურკი; პიშჩეკი, ჰუმელსი, დელანი; მუნიე, ბელინგემი, ვიტსელი, გერეირო; როისი, სანჩო, ჰოლანდი

„ზენიტი“ – „ბრიუგე“

„ზენიტი“ (4-4-2): კერჟაკოვი; კარავაევი, ლოვრენი, რაკიცკი, ჟირკოვი; ეროხინი, ოზდოევი, ბარიოსი, კუზიაევი; აზმუნი, ძიუბა

„ბრიუგე“ (4-5-1): ჰორვატი; სობოლი, რიცა, მეხელე, მატა; ბალანტა, ვანაკენი, ვორმერი, რიცი, ლანგი; დიატა

G ჯგუფი

„დინამო კიევი“ – „იუვენტუსი“

„დინამო კიევი“ (4-2-3-1): ბუშჩანი; კეძიორა, ზაბარნი, პოპოვი, მიკოლენკო; სიდორჩუკი, შაპარენკო; ციგანკოვი, ბუიალსკი, დე პენა; სუპრიაგა

„იუვენტუსი“ (3-4-1-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი; კუადრადო, რაბიო, ბენტანკური, ფრაბოტა; რემზი; კულუსევსკი, მორატა

„ბარსელონა“ – „ფერენცვაროში“

„ბარსელონა“ (4-2-3-1): ნეტო; დესტი, პიკე, ლენგლე, ჟუნიორი; პიანიჩი, დე იონგი; მესი, კოუტინიო, ფატი; გრიზმანი

„ფერენცვაროში“ (4-3-3): დიბუში; ლოვრენშიში, ბლაჟიჩი, კოვაჩევიჩი, ჩივიჩი; სიგერი, ხარატინი, სომაილა; ზუბკოვი, ისაელი, ნგუენი

H ჯგუფი

„პარი სენ ჟერმენი“ – „მანჩესტერი“

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): ნავასი; ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა; ერერა, დანილო, რაფინია; დი მარია, მბაპე, ნეიმარი

„მანჩესტერი“ (4-5-1): დე ხეა; ვან-ბისაკა, ლინდელოფი, ტუანზებე, შოუ; მატიჩი, პოგბა, მატა, ბრუნო ფერნანდეში, რაშფორდი; მარსიალი

„ლაიფციგი“ – „ბაშაკშეჰირი“

„ლაიფციგი“ (3-4-2-1): გულაში; ორბანი, უპამეკანო, ჰალტენბერგი; მუკიელე, კამპლი, ადამსი, ანხელინო; ოლმო, ფორსბერგი; პოულსენი

„ბაშაკშეჰირი“ (4-4-2): გიუნოკი; რაფაელი, შკრტელი, ეპურანუ, ბოლინგოლი; კაჰვეჯი, ტეკდემირი, ალეკსიჩი, ვისჩა; ჩრიველი, დემბა ბა

0.130961