ფეხბურთი

23:10 | 16.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლივერპულური დერბი - კლოპი ახალი გამოწვევის მოლოდინშია

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "ევერტონთან" გასამართი დერბის წინ განაცხადა, რომ კარლო ანჩელოტის გუნდი მისთვის უკვე "ნამდვილი გამოწვევაა" და დაძაბული მატჩის მოლოდინშია.

"ევერტონი" იტალიელმა სპეციალისტმა გასული წლის დეკემბერში ჩაიბარა და მიმდინარე სეზონში გუნდი უკვე ცხრილის სათავეში ოთხიდან ოთხი გამარჯვებით იმყოფება. ლივერპულური დერბი კი შაბათს გაიმართება და ორივე გუნდს სერიოზული გამოცდა ელის.

"ანჩელოტიზე რასაც ვფიქრობ არასდროს ყოფილა საიდუმლო. ამაზე კიდევ მეტად როგორ დავაფასო, ის უბრალოდ გადასარევი ადამიანია. როდესაც გავიგე, რომ "ევერტონთან" კონტრაქტი გააფორმა, გავიფიქრე, რომ აი ახალი, ნამდვილი გამოწვევა გვექნება. ზაფხულში კარგი სატრანსფერო პერიოდი ჰქონდათ, დაიმატეს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც სჭირდებოდათ და ახლა ძალიან კარგი გუნდია." - განაცხადა პრესკონფერენციაზე კლოპმა.

იტალიელმა სპეციალისტმა მატჩის წინ თავისი გუნდი გაამხნევა და ხაზი გაუსვა, რომ თავდაჯერების გარეშე მომავალ თამაშში წარმატებას ვერ მიაღწევენ.

"კარგი ასეთი ტიპის გამოცდა, რომ გვექნება. თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ და ასევე უნდა გვიხაროდეს თამაში. "ლივერპული" ინტენსიურად და მაღალ დონეზე თამაშობს და ყურადღებით უნდა ვიყოთ. ამავდროულად, მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და ვაჩვენოთ ჩვენი სათამაშო ხარისხი."

ანჩელოტიმ ასევე მადლობა გადაუხადა კლოპს შექებისთვის და აღნიშნა, რომ მასთან საუბარი ყოველთვის სასიამოვნოა.

"მადლობა მას. ის, რომ "ლივერპულისთვის" ჩვენთან თამაში გამოწვევაა, ეს უკვე კარგია ჩვენთვის. მაგრამ "ლივერპული" კარგად მუშაობს. ვფიქრობ, ძალიან შორს არ ვართ, მაგრამ ჯერჯერობიტ მაინც ჩამოვრჩებით მათ. ხვალინდელ მატჩში შეგვიძლია ვნახოთ, რამდენად ჩამოვრჩებით სათამაშო ხარისხში "ლივერპულს". - აღნიშნა პრესკონფერენციაზე კარლომ.

ანჩელოტიმ მარკო სილვა ჩაანაცვლა დეკემბერში. მანამდე კი იტალიელმა წარმატებულად იმუშავა იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ინგლისში, სადაც "ჩელსის" 2009-10 წლებში წვრთნიდა.

"ევერტონის" ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ყალიბდება დომინიკ კალვერ-ლიუინი, რომლის ანგარიშზეც გუნდის მიერ გატანილი გოლების მესამედი მასზე მოდის - ახალგაზრდა ინგლისელმა 9 გოლი გაიტანა, მთლიანად კი გუნდმა მეტოქის კარი 24-ჯერ აიღო.

"კალვერტ-ლიუინი მომდევნო წლებში კიდევ უფრო დიდ ნაბიჯებს გადადგამს თავის კარიერაში. მას ყველაფერი აქვს, რაც ტოპ კლასის თავდამსხმელს უნდა ჰქონდეს. ასევე, ის კარგად ამუშავდა ფლანგელებთან - ხამესთან და რიშარლისონთან, ნახევარდაცვაში კი ალანი ყავთ და საბოლოოდ ძალიან კარგი გუნდი ყავთ." - აღნიშნა კლოპმა.

"ლივერპულმა" გასულ ტურში დიდი ანგარიშით წააგო "ასტონ ვილასთან". ბირმინგემელებმა 7:2 დაამარცხეს ინგლისის მოქმედი ჩემპიონი, რასაც არავინ მოელოდა. აქედან გამომდინარე, დიდ ინტერესს იწვევს ლივერპულური დერბი, თუ როგორ წარმოაჩენს თავს კლოპის გუნდი დიდი მარცხის შემდეგ. "ლივერპულის" და "ევერტონის" დაპირისპირება შაბათს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

0.110823