ფეხბურთი

15:35 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

2014 წლიდან - ბათუმის “იბერია სტარი”

თბილისის “იბერია სტარის” ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, კერძოდ, კლუბის წარმომადგენელმა გიორგი დარჯანიამ გვაცნობა, რომ გუნდი ბათუმში გადავა და 2014 წლიდან, ოფიციალურად, ბათუმის “იბერია სტარი” დაერქმევა. სხვა საინტერესო ამბებიც გავიგეთ - თუმცა, ნაკლებად სასიამოვნო: გუნდში ერთი ლეგიონერიც კი არ დარჩა და შანსი იმისა, რომ ჩემპიონთა თასის ოთხთა ფინალში გავიდნენ, ძალიან მცირეა.

წინა კვირას, “იბერია სტარის” პრეზიდენტი ვატო წერეთელი ბათუმში ჩავიდა, სადაც შეხვდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეს, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილსა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე მერაბ ნაგერვაძეს. მხარეებმა განიხილეს პროექტი, რომელიც გუნდის ბათუმში გადასვლას ითვალისწინებს, ერთად დაათვალიერეს ბათუმში არსებული ინფრასტრუქტურა.

დარჯანია: - ინტერესი საკმაოდ დიდია, რადგან ადგილობრივ ხელმძღვანელთა მხრიდან არსებობს დიდი სურვილი იმისა, რომ ბათუმი საფეხბურთო ქალაქად გადაიქცეს. პირველი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც ითვალისწინებს ბათუმში უმაღლესი ხარისხის საფარის ჩამოტანას. ამ საკითხზე, აჭარის მთავრობამ უეფას რეკომენდაციები მიიღო. რეალური საფუძველია იმისა, რომ 2014 წლიდან, “იბერია სტარი” ბათუმის სახელით წარსდგება. მანმადე კი, უეფაში თბილისის “იბერია სტარია” განაცხადში შეტანილი და ბუნებრივია, ვერ შეიცვლება.

- ეს, 2014 წლიდან. ახლა რა მდგომარეობაა?

- პრობლემები ძალიან დიდი იყო და ახლაც არაა მოწესრიგებული, მაგრამ რაღაც ძვრები არის. 1 ოქტომბერს, უკვე ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ჯგუფის მატჩი გველის უნგრეთში. იქ, 4 გუნდიდან 2 გადის. აქამდე, როგორც წესი, ამ ეტაპს უპრობლემოდ გავდიოდით და ელიტ-რაუნდზე ვხვდებოდით, მაგრამ დღეს ასე დალხენილად არ გვაქვს საქმე. 

- ლეგიონერები საერთოდ აღარ დარჩნენ გუნდში?

- არა, 12 ლეგიონერიდან ერთიც ვერ შევინარჩუნეთ. ამჟამად, გუნდში მხოლოდ ქართველები არიან.

- უცხოეთიდან ჩამოიყვანეთ რომელიმე ქართველი?

- კვიპროსიდან ჩამოვიყვანეთ გიორგი თოთლაძე, დანარჩენები კი სხვადასხვა ქართული კლუბებიდან ავიყვანეთ.

- საქართველოს ჩემპიონატი როდის იწყება?

- სადღეისოდ ძნელი სათქმელია.

- გუნდი ბათუმში დაბინავდება და იქ ჩაატარებს თამაშებს?

- ყველაფერი აქეთ მიდის. 

- ბიუჯეტი რამდენია კლუბის? 

- ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ადრინდელთან შედარებით, ნაკლებია. ლეგიონერები ძვირადღირებულნი იყვნენ, ახლა კი, მხოლოდ ქართველები დარჩნენ და ხარჯიც ნაკლები გახდა.  

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100757