ფეხბურთი

23:11 | 14.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელები, რომლებსაც შემდეგი წლის ზაფხულში კლუბებთან კონტრაქტი უმთავრდებათ

ლიონელ მესი, სერხიო აგუერო, მესუთ იოზილი - ეს იმ ცნობილი ფეხბურთელების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც თავიანთ კლუბებთან 2021 წლის ზაფხულში კონტრაქტი დაუმთავრდებათ და კლუბებმა თადარიგი უნდა დაიჭირონ. მოთამაშეებს უფლება ექნებათ 1 იანვრიდან ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან მოლაპარაკება აწარმოონ, შესაბამისად კლუბებმა თადარიგი უნდა დაიჭირონ და გადაწყვიტონ, კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ მოთამაშეს, გაყიდიან ზამთარშივე, თუ საერთოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვებენ.

აღნიშნული ფეხბურთელებს შორის პირველ რიგში ლიონელ მესი, რომელმაც სეზონის დაწყებამდე ვერ მოახერხა "ბარსელონას" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება, არც სასამართლოს მიმართა და გუნდში დარჩა. შემდეგი წლის ზაფხულში ყოველგვარი ადვოკატების და პროტესტის გარეშე შეუძლია მესის კლუბის დატოვება და ისმის კითხვა, ვინ გადაიბირებს მესის? "მანჩესტერ სიტი" და პსჟ კანდიდატები არიან. ან შეიძლება მესიმ არგენტინას მიაშუროს ბავშვბის გუნდს "ნიუელს ოლდ ბოისში" გააგრძელოს კარიერა.

2021 წელს 10 წელი შეუსრულდება სერხიო აგუეროს მას შემდეგ რაც მადრიდის "ატლეტიკო" დატოვა და "მანჩესტერ სიტის" შეუერთდა. არგენტინის ეროვნული ნაკრების წევრმა 2015 წელს განაცხადა, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ 2019 წელს "ინდეპედიენტეში" გადავიდოდა, თუმცა ჯერჯერობით კვლავ "სიტიშია". საინტერესოა რას ფიქრობს კლუბის ხელმძღვანელობა ან როგორ შეცვლის გაბრიელ ჟეზუში არგენტინელს. ფაქტია, რომ სერხიო "ქალაქელებისთვის" თითქმის ყველა მატჩში სასარგებლო საქმეს აკეთებდა და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.

დავიდ ალაბას "ბაიერნში" გატარებული მრავალწლიანი კარიერა დასასრულს უახლოვდება. ავსტრიელი "ბაიერნმა" 18 წლის ასაკში დაიმატა და მას შემდეგ დავიდი მხოლოდ ერთხელ იყო განათხოვრებული. "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ალაბას აგენტს პინი ზაჰავის ახალი კონტრაქტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით "ფულის მჭამელი პირანია" უწოდა და მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. დიდი ალბათობით ალაბა კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

2021 წელს ლონდონის "არსენალი" "ამოისუნთქებს. ინგლისელებმა 2018 წელს მესუთ იოზილს ახალი კონტრაქტი გაუფორმეს და მას შემდეგ კვირაში 350,000 გირვანქა სტერლინგს უხდიან. ფეხბურთელს ბევრის სათამაშო დრო არც აქვს და არც წასვლას არ ჩქარობს. 2021 წლის ზაფხულში იოზილი აუცილებლად დატოვებს "არსენალს", რადგან ფეხბურთელი მიკელ არტეტას გეგმებში არ შედის. მესუთს სხვა გუნდში გადასვლა მოუწევს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა მაღალი ხელფასი მიიღოს.

სეზონის დაწყებამდე მემფის დეპაის ტრანსფერი "ბარსელონაში" არ შედგა და შემდეგი წლის ზაფხულში ჰოლანდიელი თავისუფალი აგენტი ხდება. ესპანელებთან კონტაქტი დაადასტურა "ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ და აღნიშნა, რომ "ბლაუგრანას" ფული არ ჰქონდა ფეხბურთეის გადასაბირებლად. ფეხბურთელის გადაბირებით რონალდ კუმანია დაინტერესებული და დიდი ალბათობით ტრანსფერი ზამთარში შედგება.

ჯერჯერობით კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია ჟორჟინიო ვეინალდუმს "ლივერპულთან". ჰოლანდიელი იურგენ კლოპის მოთხოვნით 2016 წელს "ნიუკასლიდან" დაიმატეს და ძირითადი შემადგენლობის წევრია. ვეინალდუმი დეპაისთან ერტად კიდევ ერთი ჰოლანდიელია, რომელიც კუმანმა "ბარსელონისთვის" მოითხოვა. ჯერჯერობით უცნობია გაუხანგრძლივებენ თუ არა ჰოლანდიელს კონტრაქტს, თუმცა კლუბმა უკვე დაიმატა ტიაგო ალკანტარა, რომელიც ვეინალდუმის მსგავსად ნახევარდაცვაში თამაშობს.

ანხელ დი მარიასაც უმტარდება კონტრაქტი 2021 წელს პსჟ-თან და ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ მისთვის "პარიზული კლუბი ბოლო იქნება ევროპაში". ასევე, ტავისუფალი აგენტი გახდება იულიან დრაქსლერი, რომელსაც "ლიდს იუნაიტედიდან" და "ჰერტადან" შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა პსჟ-ს დატოვება არ ისურვა. აღნიშნულ სიაში შეიძლება არ შედიოდეს პოლ პოგმა, რომელსაც შეუძლია კლუბთან შეთანხმების შემდეგ ავტომატურად გაიგრძელოს კონტრაქტი, თუმცა არავინ იცის ფრანგი დარჩება თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედში". ასევე, "ჩელსისთან" კონტრაქტი დაუმთავრდებათ ოლივიე ჟირუს და ვილი კაბალიეროს.

2020/21 წლების სეზონში ზემოთაღნიშნულ კლუბებს ბევრი საფიქრალი ექნებათ და უნდა გადაწყვიტონ შეინარჩუნებენ ფეხბურთელებს თუ თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვებენ მოთამაშეებს. ყველაზე დიდ ინტერესს ლიონელ მესი იწვევს, რომელსაც კლუბის მესვეურებთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და მისი გადაბირება ბევრ ფინანსურად ძლიერ კლუბებს სურთ.

0.114921