ჩოგბურთი

20:52 | 9.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი "როლან გაროსის" ფინალში მეცამეტედ გავიდა

მსოფლიოს ნომერ მეორე ნომერმა რაფაელ ნადალმა "როლან გაროსის" ფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში ესპანელმა დიეგო შვარცმანი 6:3, 6:3, 7:6 დაამარცხა და საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში მეცამეტედ გავიდა და ასევე, მეცამეტე ტიტულის მოპოვებას შეეცდება.

რომის მასტერსზე განცდილი მარცხის შემდეგ ნადალმა დიეგოს რევანში აუღო და "როლან გაროსზე" ჩატარებული 101 მატჩიდან 99-ე გამარჯვება იზეიმა. ნადალმა 38 ვინერსი შეასრულა და 34 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო შვარცმანის დარტყმა მეტოქისთვის მიუწვდომელი 24-ჯერ იყო, ხოლო შეცდომებით არგენტინელმა 48 ქულა დაკარგა. საბოლოოდ, ნადალმა მეტოქე ექვსჯერ დააბრეიკა და ზედიზედ მეოთხედ გავიდა ტურნირის ფინალში.

რაფაელ ნადალმა 13 ნახევარფინალურ შეხვედრაში 42 სეტი ჩაატარა და აქედან 39 მოიგო. ესპანელ ჩოგბურთელს სეტი ამ სტადიაზე მხოლოდ როჯერ ფედერერმა (2005) და ნოვაკ ჯოკოვიჩმა (2013) მოუგო. ასევე, რაფა დიდი სლემის ტურნირების ფინალში 28-ედ გავიდა და 19 ტიტული აქვს. ესპანელი მხოლოდ როჯერ ფედერერს ჩამორჩება, რომელსაც 20 დიდი სლემის ტიტული აქვს მოგებული.

ფინალში ნადალი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და სტეფაოს ციციპასს შორის საუკეთესოს შეხვდება და აქვს შანსი გახდეს პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც "როლან გაროსზე" 100 მატჩი მოიგო. ურთიერთშეხვედრებში რაფა ნოვაკთან 26-29 აგებს, თუმცა საფრანგეთის ღია პირველობაზე 6-1 იგებს. ნადალმა ბერძენთან ექვსი შეხვედრა ჩაატარა და ხუთი მატჩი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116856