ჩოგბურთი

2:46 | 9.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

როლან გაროსის ქალთა ფინალში სვიატეკი და კენინი ითამაშებენ

საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ბადის ფინალში, ერთმანეთს პოლონელი თინეიჯერი იგა სვიატეკი და ამერიკელი სოფია კენინი დაუპირისპირდებიან. 19 წლის სვიატეკმა 6-2 6-1 დაამარცხა არგენტინელი ნადია პოდოროსკა, ვინც ტურნირზე თამაშის უფლება, საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოიპოვა. ავსტრალიის ღიას ჩემპიონმა, 21 წლის კენინმა კი 6-4 7-5 მოუგო ჩეხ პეტრა კვიტოვას და ასევე პირველად გავიდა საფრანგეთის ღიას ფინალში.

ბოლო 19 წელიწადში სვიატეკი როლან გაროსის ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტია. რეიტინგში 131-ე ადგილზე მყოფ პოდოროსკას კი შანსი ჰქონდა, გამხდარიყო პირველი ჩოგბურთელი, ვინც დიდი სლემის ტურნირზე, საკვალიფიკაციო ეტაპიდან ფინალამდე გავიდოდა. მაგრამ სვიატეკის დიაგონალურ დარტყმებს და კორტზე სწრაფ გადაადგილებას ვერაფერი დაუპირისპირა.

საინტერესოა, რომ ნახევარფინალამდე პოლონელმა 27 ბრეიკის მოპოვება შეძლო, რასაც პოდოროსკასთან შეხვედრაში ხუთიც დაუმატა და ის 69 წუთში დაამარცხა.

„ძალიან გაოცებული ვარ. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ დიდი სლემის ტურნირის ფინალს მივაღწევდი, ეს ტურნირი საფრანგეთის ღია იქნებოდა. მინდოდა, ეს შეხვედრა ისე მეთამაშა, თითქოს პირველ წრეში ვიყავი. არ მინდოდა, მეფიქრა, რომ ეს ნახევარფინალი იყო, რადგან ეს სტრესს ამოიწვევდა. ისეთივე აგრესიული უნდა ვყოფილიყავი, როგორც წინა შეხვედრებში“, - განაცხადა სვიატეკმა, ვინც ბოლო 81 წელიწდში, როლან გაროსის პირველი პოლონლი ფინლისტია.

სვიატეკმა, ვინც პარიზშივე, რუმინელი სიმონა ჰალეპის 17 წაუგებელი შეხვედრის სერია შეწყვიტა, დასაწყისშივე მიაღწია ბრეიკს და მალე 3-0 დაწინაურდა. ის ეფექტურადაც მოძრაობდა და ფორჰენდს (ხელწაღმა) და ბექჰენდს (ხელუკუღმა) შესანიშნავად ასრულებდა.

პოდოროსკამ გაბრძოლება სცადა და ერთხელ ბრეიკ პოინტსაც მიაღწია, მაგრამ მისი ქულად გარდაქმნა ვერ შეძლო. ეს კი პოლონელის კარგი თამაშის ბრალი იყო. ის გადამწყვეტ მომენტებში უშეცდომოდ ურტყამდა. სვიატეკმა მეორე სეტშიც ასევე გააგრძელა და მეტოქეს მცირე შანსიც კი არ მისცა. 4-0-ზე, ის ანერვიულდა, რამაც მეტოქეს მხოლოდ მშრალად წაგებისგან თავის დაღწევის საშუალება მისცა. მან ბრეიკი აიღო, თუმცა სვიატეკმა იქვე ბრეიკით უპასუხა და მომდვნ გეიმში შეხვედრას წერტილი დაუსვა. საინტერესოა, რომ ფინალის გზაზე მას მხოლოდ 23 გეიმი აქვს წაგებული.

30 წლის კვიტოვა საფრანგეთის ღიას ნახევარფინალში, 2012 წლის შემდეგ პირველად გავიდა. და თან ეს სეტის წაუგებლად გააკეთა. მაგრამ 21 წლის კენინს ვერაფერი დაუპირისპირა. გარდა იმისა, რომ ამერიკელი მეტისმეტად ეფექტურად ირჯებოდა, ჩეხმა მას საქმე ბევრი შეცდომითაც გაუადვილა.

მაგრამ მეორე სეტში, როცა კენინი 5-4-ს იგებდა და მატჩზე აწოდებდა, კვიტოვამ ბრეიკს მიაღწია და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა ამ შეხვედრაში ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა. კენინმა მომდევნო სეტშივე კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის მოწოდებაზე გეიმის მოგება და შეხვედრას წერტილი საკუთარ სერვისზე დაუსვა.

0.115739