ფეხბურთი

2:04 | 9.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "გულშემატკივარი ჩვენთვის დიდი მოტივაციაა"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ბელარუსთან (1:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი მცველის განცხადებით, მიზნამდე ერთი ნაბიჯი დარჩა, მაგრამ ახლა ფიქრი მომდევნო მატჩებზე უნდა დაიწყონ.

"პირველ რიგში, მადლობა გულშემატკივარს. ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას, ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა. სასიამოვნოა, რომ დღეს დამსახურებულად მოვიგეთ. პირველ ტაიმში კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, მეორე ნახევარში ძირითადი აქცენტი დაცვაზე გავაკეთეთ. მიზნამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი, დღეს, რა თქმა უნდა, კარგი რამ მოხდა, მაგრამ ხვალიდან უკვე შემდეგი თამაშისთვის მზადება უნდა დავიწყოთ.

გულშემატკივრების მხარდაჭერას ყველა ვგრძნობთ, ჩვენთვის ეს დიდი მოტივაციაა. მსურს, გვერდში დგომა ასე გააგრძელონ, რადგან მიღწეულ წარმატებაში მათ უდიდესი როლი აქვთ. ფინალში მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ. საკმარისი დრო გვაქვს, რომ მოვემზადოთ და ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ", - ციტირებს კაშიას სიტყვებს სფფ-ს ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 11 და 14 ოქტომბერს, ერთა ლიგის C დივიზიონში სომხეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, ხოლო ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში 12 ნოემბერს, თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.

0.128491