ფეხბურთი

1:01 | 7.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძის ემოციური პოსტი: "ზუსტად ვიცი, ბიჭები ბელარუსის დასამარცხებლად ყველაფერს გააკეთებენ"

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის ჯანო ანანიძე გამოეხმაურა, რომელიც ახლა ტრავმირებულია და ამიტომ ეროვნულ გუნდს ვერ ეხმარება.

ანანიძე ინსტაგრამში ვრცელ წერილში წერს, ტრავმა რომ არა, თამაშისთვის მზადების პროცესშიც თავადაც იქნებოდა ჩართული. ჯანოს სჯერა, რომ 8 ოქტომბერი დიდი გამარჯვების დღე იქნება და საქართველოს ნაკრები ბელარუსს აუცილებლად დაამარცხებს.

„8 ოქტომბერი, ნებისმიერი ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ბელარუსთან გასამართ დაპირისპირებას უკვე დიდი ხანია ველით ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მხარს ვერ დაუჭერს ის ხალხი, რომელსაც ყველაზე მეტად ახარებს ნაკრების გამარჯვება და წარმატება. თუმცა, მთავარი ის არის, რომ ნაკრები სრულად შეიკრიბა, ბიჭებიც ჯანმრთელად არიან და ემზადებიან ამ უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის. ზუსტად ვიცი, როგორი განწყობა და შემართებაა საქართველოს ნაკრებში და ისიც ზუსტად ვიცი თუ რაოდენ დიდია თითოეული ქართველი ფეხბურთელის პასუხისმგებლობა მოახლოებული თამაშის წინ, რადგან მეც ამ პროცესის და ამ მატჩის მოლოდინის უშუალო მონაწილე ვიყავი და რომ არა ეს დაუსრულებელი ტრავმა, რომელიც ვერაფრით ვერ მოვირჩინე ამ დრომდე, მეც ისეთივე შემართებითა და ძალების სრული მობილიზებით ვიქნებოდი ჩართული, ჩემი კარიერის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშისათვის მოსამზადებელ პროცესში. ვიქნებოდი იქ, სადაც არიან ქართველი ფეხბურთელები. ის ბიჭები, ვისთან ერთადაც პირადად მეც ძალიან მძიმე და რთული გზა გავიარე. იმ ბიჭებთან ერთად, რომლებიც ზუსტად ვიცი, რომ 8 ოქტომბერს გავლენ ეროვნულ სტადიონზე და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ბელარუსი დაამარცხონ. ზუსტად ვიცი, რომ თითოეული მათგანი, კარიერის საუკეთესო თამაშს ითამაშებს და შეძლებს იმ ოცნებასთან კიდევ უფრო მიახლოებას, რომლისკენაც ამდენი ხანია ყველა ერთად მივდივართ. ეს შემადგენლობა იმსახურებს იმას, რომ მიაღწიოს ისტორიულ წარმატებას და გაახაროს ქართველი გულშემატკივარი, თუმცა ამისათვის ჯერ ბელარუსის ნაკრებია დასამარცხებელი და ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც მოხდება. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს და იმ ბიჭებს, რომლებიც 8-ში მინდორზე გავლენ და ყველაფერს გააკეთებენ ქართველების გასახარებლად. წარმატებას ვუსურვებ იმ გუნდს, რომლის მაისურითაც უამრავი სიხარული და ბედნიერება მაქვს მიღებული. ძალიან ვწუხვარ, რომ არ მომეცა საშუალება მინდორზე მათთან ერთად დავხარჯულიყავი და ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში. ვწუხვარ, რომ ასე აეწყო ჩემი კარიერა, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ 8 ოქტორმბერი ჩვენთვის დიდი გამარჯვებისა და ბედნიერების დღე იქნება. ჩვენ ვიმსახურებთ ამ ბედნიერებას“, - წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა მატჩი 8 ოქტომბერს, თბილისში გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზეა“ დაგეგმილი.

0.100394