როგორც მოსალოდნელი იყო, ჯიროს მესამე ეტაპმა, რომლის ფინიშიც ვულკან ეტნაზე იყო განლაგებული, კლასიფიკაციაში ბევრი რამ შეცვალა. მთავარი ისაა, რომ ბრიტანელმა ფავორიტმა გერეინ თომასმა (ინეოს გრენადერსი) ბევრი დრო დაკარგა და გამარჯვების შანსიც ქარს გაატანა. შეიცვალა ლიდერის ვარდისფერი მაისურის მფლობელიც.
ეტაპი კი ეკვადორელმა ჯონათან კაისედომ (ტიმ ეკვადორიან ფირსტ - EF) მოიგო. თომასმა თითქმის 11 წუთი წააგო იმ ჯგუფთან, რომელშიც ველომარათონის ლიდერები შედიოდნენ. თავის მხრივ, ეს ჯგუფი კაისედოს წუთით ჩამორჩა.
კაისედომ და იტალიელმა ჯოვანი ვისკონტიმ, ეტნას აღმართის (რომლის საშუალო დახრა 6.6 პროცენტს აღწევს) დასაწყისშივე შეუტიეს და პელოტონი ჩამოიტოვეს. ეკვადორელმა მეტოქე აღმართის შუაში ჩამოიტოვა და ფინიშასაც ეულად მიაღწია. ვისკონტი მას 21 წამით ჩამორჩა, მესამეზე კი ბელგიელი ჰარმ ვანჰუკე (ლოტო სუდალი) გავიდა.
ეტნას ეტაპის შემდეგ, ლიდერი პორტუგალიელი ჟოაო ალმეიდა (დესონინკ-ქვიკსტეპი) გახდა. მისი იდენტური დრო აქვს კასიედოსაც, თუმცა ვარდისფერი მაისური პორტუგალიელმა მოირგო. მათ 37 წამით ჩამორჩება ესპანელი პელო ბილბაო (ბაჰრეინ-მაკლარენი).
თომასი რბოლის დასაწყისშივე დაეცა, მაგრამ რბოლა გააგრძელა და პელოტონთან ერთად, 110 კილომეტრი გაიარა. თუმცა როგორც კი ეტნას აღმართი დაიწყო, უელსელს მაშინვე დაეტყო, რომ წაქცევას უშედეგოდ არ ჩაუვლია. თანაგუნდელთა დახმარებით, რომელთა შორისაც „მალია როსას“ (ვარდისფერი მაისურის) მფლობელი ფილიპო განაც იყო, ფინიშს მიღწია. მაგრამ „ინეოს გრენედრსმა“ ლიდერის მაისურიც დაკარგა და იმის შანსიც, რომ გუნდის ლიდერი ველომარათონის მოგებას შეძლებს.







