ფეხბურთი

23:08 | 30.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

9 გოლი 5 მატჩში: "მიქაუტაძეს შეუძლია საქართველოს ნაკრები აირჩიოს" (+VIDEO)
ჟორჟ მიქაუტაძის ყველა გოლი იხილეთ ვიდეოში

ბელგიურ „სერენში“ ჟორჟ მიქაუტაძეს საოცარი სეზონი აქვს. 19 წლის წარმომავლობით ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, პროქსიმუს B1 ლიგის საუკეთესო ბომბარდირია და რა გასაკვირია - 5 მატჩში 9 გოლი (თითო პოკერი და ჰეთ-თრიქი) გაიტანა!

ბელგიური გამოცემა Voetbalkrant-ი მიქაუტაძის შესახებ წერს, რომ შეუძლია მან საქართველოს ნაკრებში თამაში აირჩიოს. ცხადია, ამისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღება იქნება საჭირო, რომელიც ამჟამად არ აქვს.

„სერენი“ ერთ-ერთი გუნდია, რომელსაც პროფესიული ლიცენზია ჰქონდა და პირველ დივიზიონში დაწინაურდა, რადგან „ლოკერენმა“, „რუზელარემ“ და „ვირტონმა“ ლიცენზირება ვერ მოახერხეს. „სერენი“ „მეცის“ სატელიტი გუნდია, ფრანგებს აქ 7 ფეხბურთელი ჰყავთ განათხოვრებული და მათ შორისაა ჟორჟ მიქაუტაძე.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ლომელთან“ მისი 4 გოლი შემთხვევითობა არ იყო, რადგან მომდევნო სამ მატჩში კიდევ 2 გოლი გაიტანა. „სერენმა“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ „ლიერსი“ 5:2 დაამარცხა და მიქაუტაძემ უკვე ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ცენტრფორვარდი მხოლოდ 19 წლისაა. საფრანგეთში დაბადებულ ჟორჟს ასევე შეუძლია საქართველოს ნაკრებში თამაში აირჩიოს. 31 ოქტომბერს, ჰელოუინზე 20 წლის ხდება. უკიდურესად რთული იქნება ჯოჯოხეთური ტემპის შენარჩუნება - გოლი ყოველ 48 (!) წუთში. უფრო მეტიც, ახლა ოპონენტები ზედმეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ. კარგი იქნება მისი ხილვა უფრო ძლიერი გუნდების წინააღმდეგ და „სერენი“ ბელგიის თასზე „ბლანკენბერჟეს“ თუ დაამარცხებს, ეჭვგარეშეა, რომ შემდეგ ეტაპზე პირველი რანგის მეტოქე ეყოლება“, - წერს Voetbalkrant-ი.

ჟორჟ მიქაუტაძე ფრანგული „მეცის“ ფეხბურთელია და „სერენში“ იჯარით თამაშობს. გასულ სეზონში მას ლიგა 1-ში დებიუტიც ჰქონდა, სადაც 1 თამაში ჩაატარა.

ჟორჟ მიქაუტაძის მიერ „სერენში“ 5 მატჩში გატანილი 9-ვე გოლის ხილვა ვიდეოში შეგიძლიათ.

0.111033