ფეხბურთი

22:31 | 27.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ ეფექტური გოლი გაიტანა და პენალტი მოიპოვა (+VIDEO)

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ბენეფისი - 19 წლის ქართველმა გოლი გაიტანა და პენალტი მოიპოვა. რა გასაკვირია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ „როტორი“ - „რუბინის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ყაზანელებმა ჩემპიონატის აუტსაიდერს 3:1 აჯობეს და მორიგი გამარჯვება იზეიმეს. „რუბინმა“ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, ხოლო 59-ე წუთზე კვარაცხელიამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ხვიჩამ მეტოქეს ბურთი მოპარა და საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზი გოლი მიითვალა.

„როტორმა“ ორ წუთში შეამცირა სხვაობა - თავი ჯოვინო ფლამარიონმა გამოიჩინა, რომელიც ვოლგოგრადელებს „დინამო ბათუმიდან“ შეუერთდა და დებიუტი ჰქონდა. 75-ე წუთზე კი „რუბინმა“ ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინა. კვარაცხელიამ ბექა მიქელთაძე მოატყუა, რომელსაც ბურთი ხელზეც შეეხო და პენალტი დაინიშნა. გოლი კი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ოლეგ შატოვმა გაიტანა.

„რუბინში“ კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, ისევე, როგორც „როტორში“ სოლომონ კვირკველიამ, ამ უკანასკნელმა ყვითელი ბარათიც მიიღო. ბექა მიქელთაძე თამაშში 53-ე წუთზე ჩაერთო, ზურიკო დავითაშვილს კი არ უთამაშია, რადგან კორონავირუსი აქვს.

„რუბინმა“ 14 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის მერვე ადგილზეა, ხოლო „როტორი“ გამოკვეთილი აუტსაიდერია. ქართველი ფეხბურთელების გუნდი 2 ქულით ბოლო, მე-16 პოზიციას იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112813