ჩოგბურთი

4:32 | 26.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰალეპი როლან გაროსის მეორე ტიტულს და პირველ ჩოგნობას უმიზნებს

სიმონა ჰალეპი მსოფლიოს მეორე ჩოგანია. ახლახანს მან იტალიის ღია პირველობა მოიგო, რითაც ყველას დაანახა, რომ თიხნარის სეზონისთვის და მისი მთავარი ტურნირის, საფრანგეთის ღია პირველობისთვის, საუკეთესოდ არის მომზადებული. და იმის ამბიციაც აქვს, რომ ის მეორედ მოიგოს. უფრო მეტიც, რუმინელს მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსზეც უჭირავს თვალი.

და მიზნის მიღწევის კარგი შანსიც აქვს - მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშ ბარტი არც პარიზში იასპარეზებს, ტრავმის გამო, ტურნირს აშშ-ის ღიას ჩემპიონი, იაპონელი ნაომი ოსაკაც გამოტოვებს. სერენა უილიამსი კი ჯერაც არაა იმ ფორმაში, რომელშიც შვილის გაჩენამდე (2017 წელს) იყო. მოკლედ, ქალთა ჩოგბურთში გამოკვეთილი ლიდერი არაა.

ჰალეპი შესანიშნავ ფორმაშია - აშშ-ის ღიას გამოტოვების შემდეგ, თიხის კორტებზე ორი ტურნირი მოიგო - პრაღაში და რომში. პარიზში ჩასვლამდე, მას ზედიზედ 14 შეხვედრა აქვს მოგებული. მოგებათა სერია კი კორონავირუსის პანდემიამდე, დუბაიში დაიწყო.

„რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ სეზონს მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსით დავასრულებ. თუმცა მანამდე შორია. როლან გაროსის მოგებაზე ჯერ ვერ ვიფიქრებ, რადგან ტურნირი ჯერ არ დაწყებულა. თავს არ დავზოგავ“, - ამბობს ჰალეპი, ვისაც საფრანგეთის ღია 2018 წელს აქვს მოგებული.

საერთოდ, საფრანგეთის ღია მაისში ტარდება ხოლმე, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, სექტემბრის ბოლოსთვის გადმოიტანეს.

წარსულში სახელოვანი ჩოგბურთელი მატს ვილანდერი ამბობს, რომ პარიზში ფავორიტები ისინი იქნებიან, ვინც ძლიერი დარტყმით გამოირჩევა. ასეთებს შორის კი ის ჰალეპს არ მოიაზრებს. ასეთები ესპანელი გარბინე მუგურუსა, მეორე ნომრად განთესილი კაროლინა პლიშკოვა და სერენა უილიამსი არიან. ამათგან პირველ ორს, ჰალეპმ რომის ტურნირზე მოუგო. ოღონდ, პლიშკოვას დამარცხებაში, ჩეხის ტრავმაც დაეხმარა. რუმინელის კოზირი უკანა ხაზიდან აგრესიული თამაში და კორტის მაქსიმალური დაფარვაა. და ის ბუკმეიკერების ფავორიტია. ბოლო მარცხი მან ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში მუგურუსასთან (საფრანგეთის ღიას და უიმბლდონის ყოფილი ჩემპიონი) წააგო.

0.117329