ფეხბურთი

18:00 | 23.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ყოფილი მსაჯი: "ლოკომოტივში" იდაყვზე უნდა იკბინონ, რომ კვარაცხელია დაკარგეს"

ყაზანის „რუბინის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ყურადღების ცენტრშია. ქართველი ფეხბურთელი პრაქტიკულად ყოველ ტურში ახერხებს თერთმეტმეტრიანის ან წითელ-ყვითელი ბარათების გამომუშავებას.

ამიტომაც, რუსული მედიაში ყოფილ მსაჯებთან ამ საკითხზე კომენტარები გამოქვეყნდა. ექსმსაჯი იგორ ფედოტოვი ფიქრობს, რომ კვარაცხელიამ „სპარტაკის“ მცველ პაველ მასლოვს პირველი ყვითელი ბარათი „აკიდა“ და ეს მისი და ლეონიდ სლუცკის წინასწარ დაგეგმილი ხრიკი იყო.

„30-ე წუთზე ხვიჩამ მსაჯი მოატყუა და მასლოვი გამოიჭირა. ეს არის ეპიზოდი, როდესაც „სპარტაკის“ მცველს პირველი ყვითელი ბარათი უჩვენეს. კვარაცხელიას მასლოვს შეუძვრა და მანაც ხელი სახეში ჩაარტყა, მიუხედავად იმისა, რომ ეს განზრახ არ გაუკეთებია. ეს კვარაცხელიას და სლუცკის ხრიკია, რაც მან გააკეთა, მაგარია, „ლოკომოტივში“ იდაყვებზე უნდა იკბინონ, რომ ასეთი ფეხბურთელი დაკარგეს. ხვიჩამ და სლუცკიმ მსაჯი მოატყუეს, კვარაცხელია მთელი თამაში მასლოვისკენ მირბოდა და მიაღწია მიზანს - მეტოქე გააძევეს“, - თქვა ფედოტოვმა.

ამ საკითხზე განსხვავებული აზრი დააფიქსირა კიდევ ერთმა ყოფილმა მსაჯმა ალექსეი ნიკოლაევმა, რომლის აზრით, ორივე ყვითელი ბარათი სწორად იყო ნაჩვენები.

„ჩემი აზრით, ორივე ყვითელი ბარათი სწორად არის ნაჩვენები. პირველ ეპიზოდში მასლოვმა ბრძოლაში მოწინააღმდეგეს სახეში იდაყვი ჩაარტყა. მეორე გაფრთხილების დროს კი „რუბინის“ მოთამაშე ცარიელ სივრცეში სწრაფად შეიჭრა და მასლოვს ბურთზე თამაში არ უცდია, მაგრამ მოძრაობა მეტოქის ფეხისკენ გააკეთა და წააქცია, რითაც „რუბინის“ სწრაფი შეტევა ჩაშალა. არ ვფიქრობ, რომ სიმულაცია იყო, კვარაცხელიას ბოლო მატჩებში შეინიშნებოდა ტენდეცია, რომ მსაჯის მოტყუებას ცდილობდა, მაგრამ ამ ეპიზოდში ვფიქრობ, რომ სიმულაცია არ ყოფილა. კვარაცხელიამ, როდესაც მეორე მეტოქე მოატყუა მცირე წესის დარღვევა იყო, მაგრამ ქართველი ფეხზე დარჩა განაგრძო კარისკენ სვლა. შემდეგ კი მასლოვმა წააქცია და გაძევება სამართლიანი იყო“, - აღნიშნა ნიკოლაევმა.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ მოსკოვის "სპარტაკთან" პაველ მასლოვს ორი ყვითელი ბარათი მიაღებინა და "სახალხო გუნდი" ბოლო 30 წუთი კაცნაკლული თამაშობდა. ამის მიუხედავად, "რუბინი" 0:2 დამარცხდა და უქულოდ დარჩა.

0.147415