ფეხბურთი

16:17 | 17.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

აზარის გასაჭირი

მადრიდის „რეალის“ მთავარი ბალასტი ბოლო წლებში გარეთ ბეილი იყო. მაგრამ, როგორც ჩანს, უელსელი მალე დატოვებს „სამეფო კლუბს.“ „ტოტენჰემში“ დაბრუნებას აპირებს და „რეალი“ მზადაა ხელფასის ნახევარი გადაუხადოს, ოღონდ წავიდეს.

„ბერნაბეუს“ მკვიდრთა მეორე თავისტკივილი ედენ აზარია, რომელშიც ბეილის არ იყოს, შარშან 100 მილიონი ევრო გადაიხადეს, არადა კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად მოიაზრებდნენ.

საერთოდ, „რეალს“ ტრავმირებულთა მხრივ, კატასტროფული ვითარება აქვს. 2000-21 წლების სეზონი ხეირიანად ჯერ არც დაწყებულა და ზინედინ ზიდანის გუნდს უკვე 7 ფეხბურთელი ჰყავს დაშავებული: რეგილონი, ედეგორი, ისკო, ასენსიო, ვასკესი, დიასი და აზარი.

სწორეწდ ტრავმით დაიწყო აზარის მადრიდული ისტორია. 2019 წლის ზაფხულში ბელგიელმა წინასასეზონო შეკრებაზე მუხლი დაიზიანა და მისი დებიუტი ერთი თვით გადაიდო. გამოვიდა, თითქოს ათამაშდა და ისევ დაშავდა. მერე კიდევ, კიდევ და ჯამში, ნახევარ წელიწადში ოთხჯერ მოხვდა ლაზარეთში. ასეთი უიღბლობა მართლაც გასაოცარია.

კორონავირუსის გამო შეწყვეტილი სეზონი თითქოს მისთვის სასარგებლო გამოდგა. დრო მოიგო. მომჯობინდა. „ეიბართან“ და „ვალენსიასთან“ საგოლე პასებითაც გამოიჩა. მაგრამ ორ კვირაში ისევ ჩაარტყეს ფეხში და კვლავ სათადარიგოთა სკამზე გადაჯდა.

„აზარი ვარჯიშობს. მას გუნდის დახმარება სურს, მაგრამ მცირე დისკომფორტს გრძნობს,“ - ამბობდა ზიდანი ივლისში, ესპანეთის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ. მაგრამ მწვრთნელის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ფრანგი სპეციალისტი ხომ აზარის გარშემო აპირებდა „რეალის“ აშენებას.

ახალი სეზონის წინ მიღებული ტრავმა მეექვსე გამოდგა ბელგიელისთვის ერთი წლის განმავლობაში. პორტალ Transfermarkt-ის ცნობით, სხვადასხვა დაზიანებების გამო, აზარმა სეზონში 27 მატჩი გამოტოვა. ჯამში, მისმა არყოფნამ კი 198 დღე შეადგინა. შედარებისთვის, „ჩელსიში“ თამაშისას, შვიდი წლის განმავლობაში ბელგიელმა ჯანმრთელობის გამო მხოლოდ 192 დღე გამოტოვა.

მოკლედ, ბოლო დროს მისმა ტრავმებმა ქრონიკული ხასიათი მიიღო. ცხადია, ტრავმებისგან არავინაა დაზღვეული მაგრამ ასეთი სიხშირე უსაფუძვლო არ არის. სპეციალისტები ამბობენ, რომ ნაწილობრივ ეს მის ზედმეტ წონასთანაა დაკავშირებული. „ძალიან უყვარს ჰამბურგერები და პიცა, - ამბობს მისი ჩელსელი პარტნიორი მარცინ ბულკა, - ხშირად ვხედავდი პიცერიებში, მაგრამ ადრე ეს მასზე არ მოქმედებდა, ასაკის მომატებასთან ერთად კი ეტყობა პრობლემები შეუქმნა.“

Marca-ს ცნობით, 2019 წლის ზაფხულში აზარი 85 კილოგრამს იწონიდა, დასაშვებზე 10 კილოგრამით მეტს. დამატებითი წონა ორგანიზმზე მოქმედებს. კუნთები და მყესები მეტად იტვირთება, აქედან გამომდინარე, ტრავმის მიღების რისკი იზრდება. შესაძლოოა, ჭარბი წონა უკვე ჰორმონალური პრობლემაა. ასეთი რამ თავის დროზე „კიჭა“ რონალდოსაც დაემართა და „რეალში“ ისტორიის გამეორება არ სურთ.

ესპანური მედია აღნიშნავს, რომ კლუბმა აზარს პერსონალური მწვრთნელი და ფსიქოლოგი დაუქირავა, რადგან ედენს ახალი ტრავმის მიღების ან ძველის გართულების კომპლექსი გასჩენია.

ახლა მთავარია, აზარმა დაბრუნება არ იჩქაროს, ჯოვნად გამოკეთდეს და შემდეგ გავიდეს მინდორზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115592