ფეხბურთი

17:15 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნიკა კაჭარავა პოლონეთში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კარიერას პოზნანის „ლეხში“ გააგრძელებს. პოლონურმა გუნდმა ტრანსფერი საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად დაადასტურა. კაჭარავა „ლეხის“ ღირსებას 2021 წლის ბოლომდე იჯარით დაიცავს და შემდეგ მისი გამოსყიდა 250 000 ევროდ შეეძლება.

„ბედნიერი ვარ, რომ ახალი შანსი მომეცა. როდესაც „კორონაში“ ვთამაშობდი, პოზნანში არ მითამაშია და ამიტომ, მოუთმენლად ველოდები ამ ულამაზეს სტადიონზე ფანტასტიკური ქომაგების წინაშე თამაშს. „ლეხი“ ავირჩიე, რადგან ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და ვფიქრობ, შემიძლია გუნდის დახმარება“, - თქვა ნიკამ.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი პოზნანელთა სპორტულმა დირექტორმა ტომაშ რჟასაც გააკეთა და აღნიშნა, რომ თავდასმის ხაზი კარგად დააბალანსეს:

„გვყავს მიქაელ ისაკი, ასევე დავაწინაურეთ ფილიპ შიმჩაკი, რომელიც ტრავმირებულია და ველოდებით მის დაბრუნებას. გუნდშია მოჰამად ავადი, რომელსაც ფლანგზეც შეუძლია თმაში. ნიკა კი ცოტა განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია, ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ვფიქრობ, შეტევა კარგად დაბალანსებულია“, - აღნიშნა მან.

ნიკა კაჭარავა 2018 წლიდან „ანორთოსისის“ ღირსებას იცავდა და 50 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. კვიპროსულ გუნდს 26 წლის ფორვარდი 2022 წლის ზაფხულამდე ეკუთვნის. ნიკას პოლონეთის ექსტრაკლასაში 2017-2018 წლების სეზონში უთამაშია, როდესაც კიელცეს „კორონაში“ 29 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

პოზნანის „ლეხს“ რაც შეეხება, ტრადიციული გუნდია, 7-ჯერ გახდა პოლონეთის ჩემპიონი, ხოლო გასულ სეზონში მეორე ადგილზე გავიდა და 16 სექტემბერს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთის „ჰამარბის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10985