კალათბურთი

11:56 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინმა სეზონი "რეალთან" 9 ქულით გახსნა

ესპანეთში საკალათბურთო სეზონი სუპერთასის ნახევაფინალური დაპირისპირებებით გაიხსნა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ბასკონია“, სადაც თორნიკე შენგელია აღარ თამაშობს, „ბარსელონასთან“ დამარცხდა, ხოლო გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ მადრიდის „რეალთან“ ვერაფერს გახდა.

„სამეფო კლუბმა“ „ტენერიფეს“ 92:79 აჯობა და მთლიანობაში პრობლემების გარეშე დაამარცხა, რადგან ოთხივე პერიოდი მოიგო.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო. ქართველმა ცენტრმა 16:55 წუთში 9 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 5-დან 1 ორქულიანი (20%) და 10-დან 7 საჯარიმო (70%) ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12 გამოდგა.

„იბეროსტარ ტენერიფე“ 2020-2021 წლების სეზონში ლიგა ენდესას პირველ ტურში 20 სექტემბერს, „სარაგოსას“ უმასპინძლებს.

0.125686