ფეხბურთი

2:25 | 10.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიამ კლუბის ხელმძღვანელობას ქართველების კვიპროსში დასაბრუნებლად კერძო თვითმფრინავი აქირავებინა

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კლუბის ხელმძღვანელობას კერძო თვითმფრინავი გამოაყოფინა, რომ სამშაბათ საღამოს თბილისიდან კვიპროსში ქართველი ფეხბურთელები დაბრუნებულიყვნენ.

როგორც larnakasports.com-ი წერს, ქართველმა სპეციალისტმა ხელმძღვანელობას თანამემამულეების კლუბში სწრაფად დასაბრუნებლად კერძო თვითმფრინავი დააქირავებინა და ცხადია, თემურის ეს თხოვნა დაკმაყოფილდა.

ნიკა კაჭარავამ, მურთაზ დაუშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ლორიამ კერძო თვითმფრინავით მართლაც რომ იმგზავრეს, დაუშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოც ადასტურებს.

„ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატის მესამე ტურში ნიქოზიის „ომონიას“ 12 სექტემბერს დაუპირისპირდება. სხვათა შორის, ზემოხსენებული წყარო იმასაც ირწმუნება, რომ ნიკა კაჭარავა კლუბს სულ მალე დატოვებს და კარიერას პოლონეთში გააგრძელებს.

0.149842