ფეხბურთი

22:20 | 4.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ბელარუსთან იმედია მოვიგებთ, მაგრამ ახლა ესტონეთზე ვფიქრობთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ესტონეთის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, რთულია იმის პროგნოზირება როგორ დასრულდება თამაში.

ვაისს, ოქტომბერში, ბელარუსთან მატჩზეც ჰკითხეს, რაზეც მისი პასუხი იყო ასეთი იყო: პლეი-ოფში გასულ ოთხივე გუნდს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის 25%-იანი შანსი აქვს.

„ძალიან რთულია იმის პროგნოზირება თუ რა მოხდება ხვალინდელ თამაშში, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვაკლია, ესტონეთს კი საუკეთესო თავდამსხმელი (ერიკ სორგა - რედ). ტურნირის პირველი თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია და ამჟამად რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს დავეყრდნობით.

ვცდილობთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ მოსაგებად, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს ადვილი არაა, რადგან აქ 5 წლის წინ 0:3 წავაგეთ, ამავდროულად, ორი წლის წინ ესტონეთს შინ ვეთამაშეთ და ამხანაგურ მატჩში 2:0 ვიმარჯვეთ. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია, ხოლო უმაყურებლობა თამაშს კიდევ უფრო რთულს ხდის.

ვიმედოვნებთ, რომ ერთ თვეში ბელარუსთან დადებით შედეგს მივაღწევთ და ფინალში გავალთ, მაგრამ პლეი-ოფის ყველა მონაწილე გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის 25% შანსი აქვს. ეს თამაში ოქტომბერშია და ამიტომ, ახლა ჩვენთვის ესტონეთთან თამაშია მნიშვნელოვანი, რომელიც პირველია იმ შესარჩევ ეტაპზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურსაც იძლევა.

მინდა ამ თამაშში ვნახო ჩემი ფეხბურთელები, რომლებიც თავის დონეზე ითამაშებენ. ბევრ მათგანს დიდი ხანია არ უვარჯიშია კორონავირუსის პანდემიის გამო, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ თამაშისთვის მზად იქნებიან“, - თქვა ვაისმა.

სლოვაკ სპეციალისტს პრესკონფერენციაზე თორნიკე ოქრიაშვილი ახლდა, რომელმაც მატჩამდე მოკლე კომენტარი გააკეთა:

„დიდი იმედით ვხვდებით შეხვედრას, ყველა დადებით შედეგს ელოდება. ქვეჯგუფში პირველი თამაშია და გამარჯვების იმედი გვაქვს. ცოტა ხნის წინ ვნახეთ ესტონეთის ნაკრების უახლესი თამაშები, ვიცით მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები, თუმცა ახლა ამაზე საუბარი არ მინდა თუ რას გავაკეთებთ ხვალ. ეროვნული ნაკრების თამაშებს ყველა ელოდება. უმაყურებლოდ თამაშს რაც შეეხება, რთულია ამის მიღება, მაგრამ უნდა ვითამაშოთ, ცხოვრება ასეთია“, - თქვა თორნიკემ.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფის პირველი ტურის მატჩი ესტონეთსა და საქართველოს შორის 5 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118669