კალათბურთი

21:52 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი შვეიცარიის ძლევით დაასრულა

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრების შთამბეჭდავი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში. დავით უსტიაშვილის გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს, თუმცა ეს ოდნავადაც არ აკნინებს გამარჯვებისკენ ლტოლვას. დღეს ქართველებმა ისეთი მატჩი მოიგეს, ბევრი ხელჩაქნეულად რომ მიიჩნევს.

უსტიაშვილის გუნდის მეტოქე შვეიცარია იყო, რომელსაც  მართალია ჯგუფში ყველა მატჩი ჰქონდა წაგებული, თუმცა, აუტსაიდერად მაინც ვერ ჩაითვლებოდა. ასაკობრივ ჩემპიონატებზე გამოკვეთილი ლიდერი ან აუტსაიდერი არ არსებობს და ეს დღეს ქართველებმაც გამოსცადეს. შვეიცარიელებმა მატჩი დამაჯერებლად დაიწყეს დ შეხვედრის უმეტეს დროს იგებდნენ კიდეც.

შვეიცარიელებს მოგება თითქმის განაღდებული ჰქონდათ, როცა მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე იონ ვოლფსბერგმა მორიგი ბურთი ჩააგდო და თავისიანები 76:71 დააწინაურა. წაგების წინაშე დამდგარმა საქართველოს ნაკრებმა მობილიზება მოახერხა და დარჩენილი 120 წამი მეტოქეს 8:0 მოუგო – შესაბამისად 79:71 გაიმარჯვა და ბოლო მატჩებში ნაწილობრივ შელახული ავტორიტეტი მნიშვნელოვნად აიმაღლა.

გადამწყვეტ წუთებში ვინც მოედანზე იყო, ყველამ ღირსეულად ითამაშა, ბურთები კი ნოდარ გოგოძემ (3-ქულიანი), ირაკლი მიქელაძემ (საჯარიმოები) და ბექა ბურჯანაძემ (3-ქულიანი) ჩააგდეს, რამაც ქართველებს ტურნირზე მეორე გამარჯვება მოუტანა.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი კვლავ ბექა ბურჯანაძემ და ირაკლი მიქელაძემ დააფიქსირეს. ბურჯანაძემ 23 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, მიქელაძემ კი ორმაგი დუბლი მოიხვეჭა – 16 ქულა, 12 პასი. როგორც ჩანს, მიქელაძე შედეგიან გადაცემებში „ბ“ დივიზიონს ულიდერებს. იგი აქამდე მატჩში საშუალოდ მითვილი 6 პასით ლიდერი იყო და ახლა მეტოქეებთან უპირატესობას კიდევ უფრო გაზრდის.

საქართველოს ნაკრებმა ამით ჯგუფური ეტაპი დაასრულა – 2 მოგება, 4 წაგება. ქართველები ახლა დაელოდებიან ჯგუფური ეტაპის დასრულებას (17 ივლისი), რათა საკუთარი მეტოქის ვინაობა შეიტყონ. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი გადის, ხოლო III-VII ადგილებზე გასულები ბრძოლას 5-14 ადგილებისთვის განაგრძობენ. 

ევროპის ჩემპიონატი 20-წლამდე კალათბურთელთა შორის. B დივიზიონი. სარაევო (ბოსნია-ჰერცეგოვინა). B ჯგუფი. მე-6 ტური. 100 მაყურებელი

შვეიცარია – საქართველო 76:79 (19:19, 19:18, 19:21, 19:21)

საქართველო: ბოლქვაძე (20 წ. 5 ქ.), დარახველიძე (6 წ. 2 ქ.), ბურჯანაძე (38 წ. 23 ქ. 8 მ.), გოგოძე (30 წ. 16 ქ. 3 მ. 3 პ.), მიქელაძე (35 წ. 16 ქ. 4 მ. 12 პ.), კვანტალიანი (2 წ. 2 ქ.), ცირეკიძე (18 წ. 2 ქ. 3 მ.), აბულაძე (21 წ. 4 ქ.), სანაძე (8 წ.), მირზიაშვილი (22 წ. 11 ქ.).

მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126889