ძიუდო

12:01 | 10.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

2 ბრინჯაოს დიდი პრიზი

ტუნისის დიდი პრიზის სამდღიანი გათამაშების დასკვნით დღესღა მოახერხეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა წინასწარი ეტაპის დაძლევა, საღამოს პროგრამაში ტატამზე გასვლა და შესაბამისად, სამეულში მოხვედრა. ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) კვარცხლბეკის მე-3 საფეხურზე ავიდნენ და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო რეიტინგისთვის 80-80 ქულა მიიღეს. მძიმეწონოსან ლაშა გუჯეჯიანს ბრინჯაოს მედლამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა, ისევე როგორც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლევან წიკლაურს. მათ ტურნირი მე-5 ადგილით დაასრულეს. ამირან ტოტიკაშვილის გუნდის დანარჩენი 9 წევრი კი, მეოთხედფინალამდე დამარცხდა.
ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალში უმთავრეს ფავორიტს, მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, იაპონელ ტაკაში ონოს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა. იქამდე ევროპის ორგზის ვერცხლის პრიზიორმა ქართველმა 3 მეტოქე ჩამოიცილა და სამივე იპონით. ჩინელ იანჟუ ჰის სამ წუთსა და 45 წამში 2 ვაზარი შეუსრულა, საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაურს ორ წუთსა და 51 წამში აჯობა, ხოლო უკრაინელ ვადიმ სინიავსკის წუთი და 18 წამი აკმარა. დიდ პრიზზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს და ნახევარფინალში წაგებულმა ლიპარტელიანმა მე-3 ადგილი დამამშვიდებელი ეტაპის გარეშე მოიპოვა. 90 კილოგრამში კი, ჩემპიონი სწორედ ონო გახდა. ფინალში მან აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი დაჯაბნა.
ლევან ჟორჟოლიანი ტურნირში პირდაპირ მე-2 წრიდან ჩაერთო და იტალიელი ალბერტო ბორინი ზუსტად სამ წუთში დააიპონა. ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე ასევე იპონით იმარჯვა და ნახევარფინალში გასვლით ბრინჯაოც გაინაღდა. უფრო მაღალი სინჯის მედლამდე კი, ფრანგმა ფრედერიკ შტიგელმანმა აღარ მიუშვა. ქართველი ძიუდოისტი იუკოს იგებდა, მაგრამ ერთი შეხედვით უწყინარ პოზიციაში მოდუნდა და შებოჭვაზე მოჰყვა. ცნობისთვის, შტიგელმანმა სულაც უმედლოდ დატოვა უხვტიტულა იაპონელი და უმთავრესი ფავორიტი ტაკამასა ანაი.
კენჭისყრამ პირველ წრეში ლაშა გუჯეჯიანი და ლევან წიკლაურიც დაასვენა. გუჯეჯიანი პირველივე მეტოქის – ესპანელი ანგელ პარას იპონით ძლევით მეოთხედფინალში გავიდა და იქ მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ კეიჯი სუძუკისთან იპონითვე დამარცხდა. 81 კილოგრამში შედარებით მეტი მონაწილე მოგროვდა, ვიდრე +100-ში და შეხვედრები ოცდამეთორმეტედფინალიდან დაიწყო. ევროპის გუნდური ჩემპიონატის გმირმა ქართველმა მეთექვსმეტედფინალში კამერუნელ ლუის მესის ორ წუთსა და 17 წამში სძლია. შემდეგ ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიეს, 2 იუკოს სანაცვლოდ, მომგებიანი ვაზარი აუღო, უზბეკ შოკირ მუმინოვთან კი ვეღარას გახდა. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალის საგზური 2 ვაზარით მოიპოვა. მე-5 ადგილზე გასულმა ქართველებმა სალიცენზიო რეიტინგში 40-40 ქულა ჩაიწერეს.
გუშინ ტუნისის ტატამზე მინდია ბოდაველი (90 კგ) და ალექსანდრე მსხალაძეც (+100 კგ) გავიდნენ. ბოდაველს მე-2 წრეში ლიპარტელიანის მძლეველმა ტაკაში ონომ გადაუღობა მედლისკენ მიმავალი გზა. დაძაბული ბრძოლის ბედი მხოლოდ იუკომ გადაწყვიტა. იქამდე კი, ქართველმა ძიუდოისტმა შვეიცარიელი დომინიკ ჰიშერი წუთნახევარში დაამარცხა. მსხალაძე დიდ პრიზს პირველი წრიდან დაემშვიდობა, ტუნისელ ენის ჩედლისთან წაგებით.
თითოჯერ მოირგეს კიმონოები ამირან პაპინაშვილმა (60 კგ), პაატა მერებაშვილმა (66 კგ), შალვა ქარდავამ (66 კგ), არსენ მაჭარაშვილმა (73 კგ) და ხვიჩა ხუციშვილმა (81 კგ).
პაპინაშვილი კენჭისყრამ პირველ წრეში დაასვენა, მაგრამ ამ უპირატესობით მსოფლიო რეიტინგის მეთექვსმეტეადგილოსანმა ქართველმა ვერ ისარგებლა და ასეულს მიღმა მყოფ რუსთან, ანტონ ხოროშილოვთან მაინც ვერ იხეირა - 64 წამში ვაზარსა და იპონზე წამოეგო. ცნობისთვის, იმავე რეიტინგში ხოროშილოვზე წინ რუსეთის ნაკრების 7 კანდიდატი დგას. პაპინაშვილის მსგავსად, ვაზარითა და იპონით დამარცხდა 60 კილოგრამიდან 66-ში ანაცვლებული მერებაშვილიც, ოღონდ ცოტა მეტ დროში - წუთნახევარში. მან ოცდამეთორმეტედფინალში ტუნისელ მარუანე რომდანს ვერ გაუწია წინააღმდეგობა. ქარდავა კი დიდ პრიზზე მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო და ფრანგ ფლორენ ურანთან ვაზარით წააგო. მაჭარაშვილი ტურნირს მონღოლმა პურევდორჟ განდბოლდმა გამოთიშა, ხოლო ხუციშვილი პორტუგალიელ დიოგო ლიმასთან შეხვედრაში საფინალო სირენამდე და ოქროს დროის დანიშვნამდე 4 წამით ადრე წამოეგო იპონზე.
ბეთქილ შუკვანმა (60 კგ) ტურნირი აზერბაიჯანელი იგარ მუშკიევის ძლევით გახსნა, ამასთან, მომგებიანი იპონის შესასრულებლად 65 წამი იკმარა. შემდეგ კი, უკრაინის სახელით მოჭიდავე ქართველთან, მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიასთან მხოლოდ 50 წამი გაძლო.
ნუგზარ ტატალაშვილმა ორი ბარიერი დაძლია - ბელგიელი ჟან ივ ბოტიესა და ტუნისელი სეიფედინ ბენ ჰასენის ძლევის შემდეგ იგი მერვედფინალში, რუს მურატ კოძოკოვთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
დიდი პრიზის წინასწარ განაცხადში ირაკლი ცირეკიძეც იყო შეყვანილი, ორგანიზატორებმა იგი 100 კილოგრამი წონითი კატეგორიის სატურნირო ბადიდან შეხვედრების დაწყების დღეს ამოიღეს. როგორც გაირკვა, ტუნისში ქართული გუნდი ცირეკიძის გარეშე ჩავიდა.
არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს მამაკაცთა ნაკრებმა მე-12 ადგილი დაიკავა, საუკეთესო შედეგი კი იაპონელებმა აჩვენეს.

ძიუდო
ტუნისის დიდი პრიზი
7-9 მაისი
კაცები
60 კგ

1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)
2 მასააკი ფუკუოკა (იაპონია)
3 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
3 ანტონ ხოროშილოვი (რუსეთი)
9 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
9 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66 კგ
1 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)
2 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)
3 ფლორენ ურანი (საფრანგეთი)
3 დასტან იკიბაევი (ყაზახეთი)
17 შალვა ქარდავა (საქართველო)
33 პაატა მერებაშვილი (საქართველო)

73 კგ

1 ვოლოდიმირ სოროკა (უკრაინა)
2 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია)
3 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)
3 მურატ კოძოკოვი (რუსეთი)
9 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
33 არსენა მაჭარაშვილი (საქართველო)

81 კგ

1 ოლე ბიშოფი (გერმანია)
2 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია)
3 ჯილომ ელმონი (ჰოლანდია)
3 შოკირ მუმინოვი (უზბეკეთი)
5 ლევან წიკლაური (საქართველო)
17 ხვიჩა ხუციშვილი (საქართველო)

90 კგ
1 ტაკაში ონო (იაპონია)
2 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)
3 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
3 მურატ გასიევი (რუსეთი)
9 მინდია ბოდაველი (საქართველო)

100 კგ

1 იაუჰენ ბიადულინი (ბელარუსი)
2 ფრედერიკ შტიგელმანი (საფრანგეთი)
3 ლევან ჟორჟოლიანი (საქართველო)
3 ვიაჩესლავ დენისოვი (უკრაინა)

+100 კგ
1 კეიჯი სუძუკი (იაპონია)
2 ბარნა ბორი (უნგრეთი)
3 კაზუჰიკო ტაკაჰაში (იაპონია)
3 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)
5 ლაშა გუჯეჯიანი (საქართველო)
17 ალექსანდრე მსხალაძე (საქართველო)


ქალები
48 კგ

1 ალინა დუმიტრუ (რუმინეთი)
2 ლეტისია პაიე (საფრანგეთი)
3 კარმენ ბოგდანი (რუმინეთი)
3 ამელია როზენი (ბელგია)

52 კგ

1 მაილინდა კელმენდი (ალბანეთი)
2 ანა კარასკოსა (ესპანეთი)
3 ლაურა გომესი (ესპანეთი)
3 კიტი ბრავიკი (ჰოლანდია)

57 კგ
1 ოტომნე პავია (საფრანგეთი)
2 საბრინა ფილზმოზერი (ავსტრია)
3 კორინა კაპრიორიუ (რუმინეთი)
3 მირიამ როპერი (გერმანია)

63 კგ
1 კლაუდია მალზანი (გერმანია)
2 ელიზაბეტ ვილბურდსი (ჰოლანდია)
3 ანიჩკა ემდენი (ჰოლანდია)
3 ურსკა ზოლნირი (სლოვენია)

70 კგ

1 ჰარუკა ტაჩიმოტო (იაპონია)
2 რასა სრაკა (სლოვებია)
3 ჰოუდა მილედი (ტუნისი)
3 იანა მარცოკი (გერმანია)

78 კგ
1 ოდრი ჩომე (საფრანგეთი)
2 ჰეიდე ფიოლერი (გერმანია)
3 სტეფანი პოსამე (საფრანგეთი)
3 დარია პოგორელეცი (პოლონეთი)

+78 კგ
1 ლუსია პოლავდერი (სლოვენია)
2 ნიჰელ ჩიხრუჰუ (ტუნისი)
3 იუნ-იან ლი (სამხრეთ კორეა)
3 ურსულა სადკოვსკა (პოლონეთი)

გუნდური ჩათვლა

1 იაპონია 2 2 1 3 0
2 უკრაინა 1 0 2 3 0
3 გერმანია 1 0 1 1 0
3 უზბეკეთი 1 0 1 1 0
5 ბელარუსი 1 0 0 1 0
6 სლოვენია 1 0 0 0 0
7 უნგრეთი 0 2 0 1 0
8 საფრანგეთი 0 1 1 1 0
9 აზერბაიჯანი 0 1 0 0 0
9 ბრაზილია 0 1 0 0 0
11 რუსეთი 0 0 3 0 0
12 საქართველო 0 0 2 2 0
13 ბელგია 0 0 1 0 0
13 ყაზახეთი 0 0 1 0 0
13 ჰოლანდია 0 0 1 0 0

          

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.129441