ავტოსპორტი

12:55 | 1.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენი - საბურავების გაფრთხილება რბოლას მოსაწყენს ხდის

მაქს ფერსტაპენმა ბელგიის დიდი პრიზი მესამე ადგილზე დაასრულა და მიუხედავად იმისა, რომ დომინანტი „მერსედესების“ უკან, დანარჩენებში საუკეთესო იყო, მაინც უკმაყოფილო დარჩა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში, საბურავების გაფრთხილება უწევდა.

ფერსტაპენს საბურავების შეცვლამ დაგეგმილზე ადრე მოუწია. მან ეს მაშინ გააკეთა, როცა ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ჰოლანდიელს მყარი საბურავები დაუყენეს, რომლებიც ფინიშამდე უნდა ჰყოფნოდა. ამის გამო, მას სიფრთხილე უწევდა და დაწინაურებულ ლუის ჰამილტონთან და ვალტერი ბოტასთან მიახლოვებას ვერ ახერხებდა.

„რედ ბულს“ შეეძლო ორსტოპიან სტრატეგიაზე გადასვლა, მაგრამ ეს არ გააკეთა რადგან ფერსტაპენისგან ახლოს იყო „რენოს“ დანიელ რიკარდო. ამის გამო, ჰოლანდიელ მრბოლს საბურავების დაზოგვა უწევდა, რათა ფინიშამდე მიეღწია. და ის ამბობს, რომ ისეთ შესანიშნავ ტრეკზე, როგორიც სპაა, მას საბურავების გამო, მოსაწყენი რბოლა ჰქონდა.

„მყარი საბურავებით ვალტერის გაყოლა ვცადე, მაგრამ მერე მან ტემპი გაზარდა ჩამომიტოვა. ამის შემდეგ, ერთ მომენტში, როცა ფინიშამდე 10 წრე რჩებოდა, მანქანას საბურავებისგან ვიბრაციები დაეწყო, რასაც არასაკმარისი მოხვევადობა დაერთო. გუნდს ვკითხე, შეგვეძლო თუ არა მეორე პიტ სტოპი, მაგრამ მიპასუხეს, რომ დანიელი საკმაოდ ახლოს იყო და გამასწრებდა. საწყენია, რომ ასეთ შესანიშნავ ტრასაზე, ბოლომდ მიწოლა ვერ შევძელი. ამიტომ, ჩემთვის მოსაწყენი რბოლა გამოვიდა“, - ყვება ფერსტაპენი.

„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ ერტსტოპიანი სტრატეგია ყოველთვის მოსაწყენ რბოლას იწვევს: „იმისთვის, რომ რბოლა საინტერესო იყოს, ორ და სამ სტოპიანი სტრატეგიაა საჭირო. ეს განლაგებაში ბევრ რამეს შეცვლის. როცა ერთ სტოპს გეგმავ, საბურავების გაფრთხილება გიწევს, რაც სიჩქარეზე უარყოფითად აისახება“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130942