ისტორია

9:48 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

30 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1975. დაიბადა გიორგი ასანიძე. ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძალოსანი. ათენის 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი (85 კგ). სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი. პირველობა მხოლოდ პირადი წონის გამო ვერ მოიპოვა. მსოფლიოს 2001 წლის ჩემპიონი. ევროპის სამგზის ჩემპიონი. დამყარებული აქვს მსოფლიოს ორი რეკორდი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1884. ჯეკ დემპსი. საშუალო წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის პირველი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რომელიც ორთაბრძოლებს “თანამედროვე” ხელთათმანებით ატარებდა.

1893. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში რობერტ ვრენმა ფრედ ჰოუვი 6:4, 3:6, 6:4, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით მეცამეტე ჩემპიონი გახდა.

1904. ამერიკელმა სტაიერმა ტომას ჰიქსმა სენტ ლუისში რიგით მესამე ოლიმპიური მარათონი მოიგო (3:28,53).

1927. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში ელენ მუდმა ბეტი ნუთოლი 6:1, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 41-ე ჩემპიონი გახდა.

1937. ამერიკელმა ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ტომ ფარი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1965. ამერიკელმა ბეისბოლისტმა კეისი სტენჯელმა თავისი 55 წლიანი აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა.

1979. კეტი ჰორვატი ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი შეიქნა, რომელმაც ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობაზე იასპარეზა. ჰორვატი იმ მომენტისთვის 14 წლისა და 5 დღის ასაკისა გახლდათ და იგი პირველივე წრეში დამარცხდა.

1980. თბილისის “დინამომ” ესპანეთის ქალაქ კადისის ოთხთა ტურნირის ნახევარფინალში ბრაზილიურ “ფრამენგოსთან” 2:2 ითამაშა, პენალტების სერიაში კი, სამხრეთამერიკელებმა 6:5 მოიგეს. ძირითად დროში ქართველთაგან გოლები რამაზ შენგელიამ და გია თავაძემ გაიტანეს.

“დინამო”: გაბელია, კოსტავა, ჭილაია, ხინჩაგაშვილი, მუჯირი (თავაძე), დარასელია, მინაშვილი (ჯოხაძე), ჟვანია, ჩელებაძე, ყიფიანი, შენგელია. “დინამოს” ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1986. იტალიელმა სტაიერმა გელინდო ბორდონმა შტუტგარტში მარათონული გარბენი მოიგო (2:10,54).

1987. კანადელმა სპრინტერმა ბენ ჯონსონმა 100 მეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (9,83).

1987. ბულგარელმა მძლეოსანმა სტეფკა კოსტადინოვამ ქალთა შორის სიმაღლეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1.99).

1987. ფრანგმა სტაიერმა ივ პოლმა უკუღმა რბენით მარათონული დისტანცია 3 საათში, 57 წუთსა და 57 წამში დაფარა.

1988. გასული საუკუნის 70-იანი წლების უძლიერესი ქალი ჩოგბურთელი კრის ევერტი ხელმეორედ დაქორწინდა. ამჯერად მან ბედი მოთხილამურე ენდი მილზს დაუკავშირა. ევერტის პირველი მეუღლე ასევე ყოფილი ჩოგბურთელი ლოიდი გახლდათ.

1991. ამერიკელმა მძლეოსანმა მაიკ პაუელმა სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (8.95). პაუელმა ხუთი სანტიმეტრით გააუმჯობესა ბობ ბიმონის მიერ 1968 წელს მეხიკოს ოლიმპიადაზე დამყარებული უმაღლესი მიღწევა (8.90). საინტერესოა აღინიშნოს, რომ პაუელმა რეკორდული მაჩვენებელი ბიმონის დაბადების მეორე დღეს გააუმჯობესა.

1997. ჩატარდა ქალთა შორის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (WNBA) პირველი მატჩი. ერთმანეთს “ჰიუსტონ კომეტსი” და “ნიუ იორკ ლიბერტი” შეხვდნენ.

1997. ამერიკელმა ჩოგბურთელმა გრეგ რუსედსკიმ აშშ-ის ღია პირველობის მატჩის მსვლელობისას ბურთი 141 მ/წმ სიჩქარით ჩააწოდა.

2004. საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დასრულდა თანამედროვეობის 28-ე ოლიმპიური თამაშები. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი ამერიკის შეერთებული შტატების სპორტსმენებმა დაიკავეს (35 ოქრო, 39 ვერცხლი, 29 ბრინჯაო), მეორეზე ჩინელები გავიდნენ (32, 17, 14), ხოლო მესამეზე რუსები (27, 27, 38).

ქართველთაგან ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ზურაბ ზვიადაური (ძიუდო) და გიორგი ასანიძე (ძალოსნობა), ხოლო ვერცხლის მედლებს ნესტორ ხერგიანი (ძიუდო) და რამაზ ნოზაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) დაეუფლნენ.

2006. გვატემალაში გამართულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 50 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გოგიტიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2006. გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ყოფილი მცველი, იურგენ კოლერი კოტ დ’ივუარის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

2006. ჩეხეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში, კაპიტნის სამკლაური პაველ ნედვედისგან (მან იმ დროისთვის სანაკრებო კარიერა დაასრულა) ტომაშ როსიცკიმ ჩაიბარა.

2006. მძარცველებმა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებიდან 36 000 ლარი გაიტაცეს. სალაროებში ეს თანხა საქართველო-საფრანგეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციით იყო შესული.

2007. უეფას თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, რომელიც ვენაში ჩატარდა, თბილისის “დინამომ” ადგილობრივ “რაპიდთან” 0:5 წააგო. პირველი შეხვედრა ასევე ქართული კლუბის მარცხით დასრულდა (0:3).

2007. მონაკოში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრაზე ამ ტურნირის 2006-2007 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად “მილანის” ბრაზილიელი ნახევარმცველი კაკა დასახელდა. სამხრეთამერიკელი ვარსკვლავი გატანილი 10 გოლით, საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ასევე იგი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელადაც აღიარეს. საუკეთესო მეკარის ტიტული ლონდონის “ჩელსის” გოლკიპერმა პეტერ ჩეხმა მოიპოვა, საუკეთესო მცველისა მილანელმა პაოლო მალდინიმ, ხოლო საუკეთესო ნახევარმცველისა მისმა თანაგუნდელმა კლარენს ზეედორფმა.

2013. ვარლამ ლიპარტელიანმა 90 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა შორის რიო დე ჟანეიროს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1937. ბრუს (ლესლი) მაკლარენი. ინგლისელი ავტოპილოტი და კონსტრუქტორი. 1959 წელს მაკლარენი ფორმულა-1-ის გრან-პრის ერთ-ერთი ეტაპის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. 1964 წლიდან მან საკუთარი ბოლიდების კონსტრუირება წამოიწყო. ერთ-ერთი ასეთი ავტომობილის გამოცდისას მაკლარენი ტრაგიკულად დაიღუპა.

1943. ჟან-კლოდ კილი. ლეგენდარული ფრანგი მოთხილამურე. გრენობლის 1968 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მოიგო სამივე სამთოსათხილამურო დისციპლინა (სლალომი, გიგანტური სლალომი და სწრაფდაშვება). კილიმ 1967 წელს მსოფლიოს პირველი თასი მოიგო. ანალოგიური მიღწევა მომდევნო წელსაც გაიმეორა. იგი სამჯერ ფლობდა სამთოსათხილამურო სპორტში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.

1946. ვალერიან სოკოლოვი. საბჭოთა მოკრივე. მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი სხვადასხვა წონით კატეგორიაში.

1953. რობერტ პერიში. “ბოსტონ სელტიკსისა” და “შარლოტ ჰორნეთსის” მეფარე (208 სმ). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოთხგზის ჩემპიონი (1981, 1984, 1986, 1997). ითამაშა NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” ცხრა შეხვედრაში. 2003 წელს პერიში საკალათბურთო “დიდების დარბაზში” შეიყვანეს. დასახელებულია ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის 50 საუკეთესო კალათბურთელს შორის.

1959. საიდა გუნბა. დაიბადა სოხუმში. დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი შუბის ტყორცნაში (1978, 1979). მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. საიდა გუნბას საუკეთესო შედეგი 65,08 მეტრი გახლდათ.

1961. ევგენი კუზნეცოვი. მოსკოვის “სპარტაკისა” და საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების ნახევარმცველი. სეულის 1988 წლის თამაშების ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი და რუსეთის თასის მფლობელი.

1968. ვლადიმირ მალახოვი. რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და NHL-ის კლუბ “მონრეალ კანადიენსის” მცველი.

1972. პაველ ნედვედი. ჩეხიის ნაკრების, პრაღის “დუკლასა” (1991-92) და “სპარტას” (1992-96), რომის “ლაციოს” (1996-2001) და ტურინის “იუვენტუსის” (2001-2009) ნახევარმცველი. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მონაწილე. იყო ნაკრების კაპიტანი. ჩეხიის ეროვნულ გუნდში (1994-2006) ჩაატარა ჩაატარა 91 მატჩი, გაიტანა 18 გოლი. 1993 წელს გახდა ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი. 1994 და 1995 წლებში გახდა ჩეხიის ჩემპიონი, 1996 წელს დაეუფლა ქვეყნის თასს. “ლაციოს” შემადგენლობაში 1999 წელს მოიპოვა თასების თასი და ევროპის სუპერთასი. 2000 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი. 1998 და 2000 წლებში მოიპოვა იტალიის თასი და სუპერთასი. “იუვენტუსის” რიგებში გამოსვლისას 2002, 2003, 2005 და 2006 წლებში გახდა იტალიის ჩემპიონი, თუმცა, “კალჩოპოლის” სკანდალის გამო ბოლო ორი ტიტული ჩამოართვეს. 2002 და 2003 წლებში დაეუფლა იტალიის სუპერთასს. 2002-03 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (“მილანთან” გადამწყვეტ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია). 2007 წელს გახდა სერია B-ს ჩემპიონი. 2003 წელს დაასახელეს სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად და 2002-03 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველად. ექვსჯერ აღიარეს ჩეხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

1975. დაიბადა გიორგი ასანიძე. ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძალოსანი. ათენის 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი (85 კგ). სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი. პირველობა მხოლოდ პირადი წონის გამო ვერ მოიპოვა. მსოფლიოს 2001 წლის ჩემპიონი. ევროპის სამგზის ჩემპიონი. დამყარებული აქვს მსოფლიოს ორი რეკორდი.

1978. სერკან ერდოგანი. თურქეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი-მსროლელი (195 სმ). ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1982. ენდი როდიკი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 2003 წელს მოიგო აშშ-ს ღია პირველობა. 2004, 2005 და 2009 წლებში იასპარეზა უიმბლდონის ფინალში. 2003 წელს მსოფლიოს კლასიფიკაციას ლიდერობდა. კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 23 მილიონ 548 134 დოლარი.

0.734177