ფეხბურთი

0:14 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, "როტორმა" ვერ მოიგო (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის მეექვსე ტურში ქართველების „როტორი“ „ხიმკის“ ესტუმრა და ქულას დასჯერდა (1:1), ზურიკო დავითაშვილი კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ანგარიში ვოლგოგრადელებმა გახსნეს. 32-ე წუთზე საგოლე შეტევა დავითაშვილმა დაიწყო დანილ სტეპანოვმა გააგრძელა და კამილ მულინმა შედეგიანად დაასრულა.

ალექსანდრ ხაცკევიჩის გუნდმა ტაიმი მოიგო, მაგრამ სეზონში პირველი გამარჯვებისთვის ეს საკმარისი მაინც არ გამოდგა. 56-ე წუთზე, ზურიკომ საკუთარ ნახევარზე ბრძოლაში ბურთი დაკარგა და „ხიმკიმ“ წამოწყებული შეტევა ალექსანდრ ლომოვიცკის გოლით დააგვირგვინა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

დავითაშვილმა დამსახურებულად მიიღო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი, რადგან ორივე გუნდში ყველაზე აქტიური და სახიფათო იყო. მასთან ერთად სოლომონ კვირკველიამაც შეუცვლელად ითამაშა, რომელმაც 29-ე წუთზე ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო.

დანარჩენ ქართველებს არ უთამაშიათ, განაცხადშიც არ იყვნენ - ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი ისევ ტრავმირებულები არიან, ხოლო ჯანო ანანიძემ ფორმა როგორც ჩანს ისევ ვერ აღიდგინა და ჯერჯერობით მისი დებიუტი არ შემდგარა.

„როტორს“ 6 ტურის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-16 საფეხურზეა. ვოლგოგრადელები შემდეგ მატჩს 12 სექტემბერს, სახლში „კრასნოდართან“ გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100308