ფეხბურთი

10:51 | 24.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

36 თამაში და 3 ტიტული: ჰანსი ფლიკის წარმოუდგენელი შედევრი და ახალი ეპოქის დასაწყისი

ვინ იფიქრებდა? ალბათ ბევრი ნამდვილად არა... 2019 წლის ნოემბერში ჰანს-დიტერ ფლიკი მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, როდესაც ნიკო კოვაჩი შეცვალა. თავდაპირველად დროებითი მწვრთნელი, მაგრამ მალევე კლუბის ხელმძღვანელობა თავის შესაძლებლობებში დაარწმუნა, ჯერ სეზონის ბოლომდე ენდნენ, შემდეგ კი გაცილებით ხანგრძლივი კონტრაქტი გაუფორმეს.

უნდა გვახსოვდეს, რომ „ბაიერნმა“ სეზონი სხვა მწვრთნელით დაიწყო, მაგრამ ტრებლით დაასრულა - მოიგო ყველაფერი და მოიგო სრულიად დამსახურებულად! ახლა „ბაიერნი“ ყველაფრის ჩემპიონია, ისტორიაში მეორედ. ფლიკმა სამი ტიტულის მოგებას სულ რაღაც 36 თამაში მოანდომა და ხსენებული მატჩების 91.6% მისი გუნდის გამარჯებით დასრულდა. კიდევ ერთი ფასეული დეტალი - "ბაიერნი" პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სეზონში ყველა თამაში მოიგო და ამაში მთავარი მწვრთნელის როლი განუზომლად დიდია.

ფლიკის განსაკუთრებული ისტორია, რომელიც შემოდგომაზე გარკვეული სირთულეებით დაიწყო, მაგრამ ტრიუმფალური გახდა. „ბაიერნისა“ და „კიოლნის“ ყოფილი ფეხბურთელის სამწვრთნელო კარიერა „ვიქტორია ბამენტალში“ დაიწყო, საიდანაც 2000 წელს „ჰოფენჰაიმში“ გადავიდა.

2006 წლიდან 2014 წლამდე იოაჰიმ ლიოვის ასისტენტი იყო გერმანიის ნაკრებში და საერთოდ, 2005 წლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის რანგში არასდ ჰქონდა ნამუშევარი. ამ პერიოდში სხვადასხვა დონეზე დაგროვილი გამოცდილება კი „ბაიერნში“ მიიტანა. "რეკორდმაისტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა ოუენ ჰარგრეივზმა ჰანსი ფლიკის "ბაიერნზე" ასე ისაუბრა:

„ეს „ბაიერნის“ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გუნდია. ფლიკმა გუნდი აბსოლუტურ მანქანად გადააქცია. შარშან „ლივერპულთან“ წაგების შემდეგ ვფიქრობდით, რომ ეს იყო ეპოქის დასასრული, მაგრამ ეპოქა ახლა დაიწყო".

ფლიკმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა და შეასრულა ტრებლი მთავარ მწვრთნელად მუშაობის 15-წლიანი პაუზის შემდეგ. ერთი შეხედვით დაუჯერებელი ისტორიაა, მაგრამ თავად ფლიკმა შექმნა დაუჯერებელი „ბაიერნი“. ის „ბაიერნი“ და იმავე ფეხბურთელებით, რომელთა ერა ბევრს დასრულებული ეგონა.

ფაქტია, არაფერი დასრულებულა, მეტიც - ახლა იწყება. ჰანსი ფლიკი აგრძელებს „ბაიერნში“ მუშაობას და 2020 წელს შეუძლია ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგოს. ამასთან, ნათელია, რომ 2020-2021 წლების სეზონში ყველგან და ყველა მასშტაბით მიუნხენის „ბაიერნი“ მთავარი ფავორიტია!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112188