ფეხბურთი

1:18 | 22.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიას" ექვსიდან ექვსი!

ისევ „სევილია“, ევროპა ლიგა კვლავ ესპანურმა გუნდმა მოიგო, ისტორიაში მეექვსედ! აქამდეც ყველაზე ტიტულოვანი გუნდი იყო ევროპის რანგით მეორე ტურნირზე და ახლა თავისივე შედეგი გააუმჯობესა.

6 ფინალი და 6 გამარჯვება! ეს ყველაფერი მხოლოდ 14-წლიან პერიოდში, ფანტასტიკური შედეგია. ხულენ ლოპეტეგის გუნდმა კიოლნში გამართულ ფინალში მილანის „ინტერი“ დაამარცხა.

მატჩი საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. გუნდებმა პირველივე ტაიმში 2-2 გოლი გაცვალეს, ჯერ რომელუ ლუკაკუმ პენალტით გახსნა ანგარიში, მაგრამ შემდეგ ლუკ დე იონგის ჯერი დადგა, რომელმაც დუბლი შეასრულა. ნიდერლანდელმა ორივე გოლი თავით შეაგდო და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ან ევროპა ლიგის ფინალში ამის გაკეთება მოახერხა. ანდალუზიელებმა დე იონგის დიდებული თამაშის მიუხედავად, ტაიმი მაინც ვერ მოიგეს, რადგან დიეგო გოდინმა შეძლო გატანა. თავის მხრივ ურუგვაელი მეექვსე ფეხბურთელი გახდა ისტორიაში სტივენ ჯერარდის, ერნან კრესპოს, დმიტრი ალენიჩევის, ალან სიმონსენისა და პედროს შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალში გაიტანა.

თამაშს რაც შეეხება, მეორე ტაიმი უფრო ფრთხილი გამოდგა, მაგრამ საგოლე მომენტები ორივეს გუნდს ჰქონდა. საბოლოოდ, „სევილიამ“ მიაღწია მიზანს, დიეგო კარლოსმა „მაკრატელა“ დაარტყა და გაიტანა. მაგრამ ბრაზილიელს ამაში რომელუ ლუკაკუ დაეხმარა, რომელსაც ბურთი მოხვდა და კარში აღმოჩნდა, ისე გოლი არ გავიდოდა. ეს გამარჯვების და ჩემპიონობსი გოლი იყო.

„სევილია“ ევროპა ლიგის 6-გზის გამარჯვებულია, „ინტერს“ ამ ტურნირზე ისევ 3 ტიტული დარჩა და 2011 წლის შემდეგ მისთვის ტიტული მიუწვდომელი მიზანია.

„სევილია“ – „ინტერი“ 3:2 (2:2)

კიოლნი, „რაინენერჯიშტადიონი“

უმაყურებლოდ

„სევილია“ (4-3-3): ბონო; ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი (გუდელი 86), რეგილონი; ჯორდანი, ფერნანდო, ბანეგა; სუსო (ვასკესი 78), დე იონგი (ენ-ნესრი 85), ოკამპოსი (ელ ჰადადი 71)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; გოდინი (კანდრევა 90), დე ვრეი, ბასტონი; დ’ამბროზიო (მოზესი 78), ბარელა, ბროზოვიჩი, გალიარდინი (ერიკსენი 78), იანგი; ლაუტარო მარტინესი (სანჩესი 78), ლუკაკუ

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 0:1 ლუკაკუ (5, პენ), 1:1 დე იონგი (12), 2:1 დე იონგი (33), 2:2 გოდინი (36), 3:2 ლუკაკუ (74, ა.გ)

გაფრთხილება: დიეგო კარლოსი (4), ბანეგა (45) - ბარელა (41), ბასტონი (55), გალიარდინი (73)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 7 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 1:2 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: დანი მაკელიე (ნიდერლანდები)

0.567793