ფეხბურთი

0:33 | 13.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: გააუმჯობესებს ლევანდოვსკი რონალდუს რეკორდს?

სეზონი დასასრულს უახლოვდება და უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ რობერტ ლევანდოვსკის შესანიშნავი სათამაშო წელი გამოუვიდა. მართალია, "ბაიერნის" თავდამსხმელი თავად კრიშტიანუ რონალდუს რეკორდის გაუმჯობესებას არ უმიზნებს, მაგრამ ამის მიღწევა წარმოუდგენელი არაა და "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ გადაწყდება გააგრძელებს თუ არა ლევანდოვსკი გოლების გატანას.

"ბაიერნმა" ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "ჩელსი" 4:1 დაამარცხა და ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა. მიმდინარე სეზონში პოლონეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე 13-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა და რონალდუს რეკოდს კიდევ უფრო უახლოვდება - 2013/14 წლების სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ, მადრიდის "რეალის" მაისურით ერთ სეზონში 17 გოლი გაიტანა და მისი ეს შედეგი ყველა დროის საუკეთესოა.

თუ გერმანული გრანდი "ბარსელონას" ბარიერს დაძლევს, "ბაიერნს" მაქსიმუმ კიდევ ორი მატჩის ჩატარება მოუწევს, ხოლო ლევანდოვსკის რეკორდის გამეორების და გაუმჯობესების შანსი ექნება.

"ეს ჩემი მიზანი არაა," - განაცხადა ლევანოვსკიმ რონალდუს რეკორდთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

"პლეი ოფში რამდენიმე თამაში შესაძლოა გვქონდეს და როგორც საგოლე მომენტების შექმნით, ასევე გატანით ბედნიერი ვიქნები".

შესაძლოა რობერტმა რონალდუს შედეგი გაიმეოროს და გააუმჯობესოს, მაგრამ პორტუგალიელის ბომბარდირობას სავარაუდოდ ალბათ ვერც შეწვდება - რონალდუ 130 გოლით ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო მეგოლეა, მეორე ადგილზე 115 გოლით მესია, მესამეზე - რაული (71), ხოლო მეოთხეზე - ლევანდოვსკი 65 გოლით. პოლონელი პორტუგალიელს 64 გოლით ჩამორჩება და მომდევნო ოთხ სეზონში საშუალოდ 16 გოლი უნდა გაიტანოს, რომ რონალდუს დაეწიოს, თან ისე რომ კრიშტიანუმ თამაში არ ჩაატაროს ლიგაზე, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელია.

მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" ფეხბურთელს შეუძლია რეკორდზე იფიქროს, რადგან 2019/20 წლის სეზონი მისთვის საკმაოდ ნაყოფიერია. პოლონელმა "ჩელსისთან" შეხვედრაში აჩვენა, რომ გადამწყვეტ მომენტებში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ლონდონელებთან შეხვედრაში პირველ მატჩში (3:0) რობერტმა ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, საპასუხო შეხვედრაში (4:1) დუბლი გაიფორმა და ორჯერ თანაგუნდელს გაატანინა, რაც ნიშნავს, რომ შვიდივე გოლის ეპიზოდში მონაწილეობდა.

ლევანდოვსკი ბუნდესლიგის აწ უკვე გასული სეზონის ბომბარდირი გახდა და ბუნდესლიგის 31 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა. საბოლოო ჯამში დღემდე პოლონელმა 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 53 გოლით გამოიჩინა, ასევე რვაჯერ თანაგუნდელს გაატანინა. საბოლოოდ ბოლო ორი სეზონის მონაცემებს თუ ავიღებთ, Opta-ს ინფორმაციით, შიდა ჩემპიონატებში ლევანდოვსკიმ 67 გოლის ეპიზოდში (გოლი და გადაცემა) მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილზეა ამ მხრივ, პირველზე კი ლიონელ მესია - 95.

სეზონის დასრულებამდე "ბაიერნს" მაქსიმუმ სამი თამაში დარჩა და ლევანდოვსკის შანსი აქვს გაიმეოროს ან გააუმჯობესოს რონალდუს რეკორდი. მიმდინარე სეზონში პოლონელის შედეგიან თამაშს თუ გავითვალისწინებთ, "ბაიერნის" ფინალში გასვლა დიდწილად ლევანდოვსკის დამსახურება უფრო იქნება. ასე რომ შანსი არსებობს, თუმცა ჯერ "ბაიერნმა" და ლევანდოვსკიმ "ბარსელონას" ბარიერი უნდა დაძლიონ. ესპანური და გერმანული გრანდების დაპირისპირება კი 14 ივლისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124226