ფეხბურთი

10:51 | 13.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

უნიკალური შანსი "ლაიფციგისთვის" და გამოცდა "ატლეტიკოსთვის"

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ნახევარფინალისტი გამოვლინდება და "პარი სენ ჟერმენის" მეტოქე გაირკვევა. ლისაბონში, „ჟოზე ალვალადეზე“ გერმანული „ლაიფციგი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ხვდება და ბუნებრივია მატჩის წონა და ფასი ძალიან დიდია.

„ლაიფციგისთვის“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ახალი ხილია და აქამდე ასეთი წარმატებითვის არ მიუღწევია. „ატლეტიკო“ გაცილებით გამოცდილია, სხვა თუ არაფერი ახლო წარსულში ფინალებში გვახსოვს.

„ლაიფციგმა“ წინა ეტაპზე ლონდონის „ტოტენჰემი“ ძალიან ადვილად, ორი მატჩის ჯამში 4:0 დაამარცხა, რაც შეეხება „ატლეტიკოს“, მან კიდევ უფრო ხმამაღალი განცხადება გააკეთა, რომ წელს შორსმიმავალი გეგმები აქვს. „ლივერპულთან“ შინ 1:0 და სტუმრად 0:2-დან 3:2 დამატებით დროში! მოკლედ, დიეგო სიმეონეს გუნდს შეუძლია უფრო მეტზე მართლაც იფიქროს, რადგან ფინალამდე გზაც შედარებით ადვილი აქვს (ყოველშემთხვევაში მეორე მხარესთან შედარებით).

„როხიბლანკომ“ ლა ლიგაში სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და „რეალსა“ და „ბარსელონას“ საგრძნობლად ჩამორჩა. „ლაიფციგი“ კი გერმანიაში ერთი ხანობა ჩემპიონობისთვის კი იბრძოდა, მაგრამ მეორე წრე ჩააგდო და საბოლოოდ ოდენ მესამე ადგილით მოუწია გულის ჯერება. დღეს ეს გუნდები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

იულიან ნაგელსმანს დღეს კონატეს დახმარების იმედი ვერ ექნება და რა თქმა უნდა, ტიმო ვერნერი. რედ ბულელების აწ უკვე ყოფილმა ლიდერმა პაუზის დროს გუნდი დატოვა, „ჩელსიში“ გადავიდა და შესაბამისად, გერმანელებს იმ ფეხბურთელის გარეშე მოუწევთ ფონს გასვლა, რომელმაც აქამდე მოსვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

„ატლეტიკოში“ ტომას პარტეის თამაში დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ხოლო შიმე ვრსალკო და ანხელ კორეა ნადვილად ვერ გავლენ მინდორზე, რადგან კორონავირუსი დაუდასტურდათ და თვითიზოლაციაში, საკუთარ სახლებში იმყოფებიან.

იულიან ნაგელსმანი („ლაიფციგის“ მთავარი მწვრთნელი): „ვეცდებით ჩვენი თამაში შევინარჩუნოთ, საკუთარ თავზე ვართ ორიენტირებული. ვიცით, რომ მათ დიდი გამოცდილება აქვთ ორმატჩიან დუელში, მაგრამ ერთ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გვინდა, რომ თამაშამდე მოთამაშეები დავასვენოთ და არ იყოს დიდი ზეწოლა, თუმცა დაძაბულობა ასეთ დროს ყოველთვის არსებობს“.

დიეგო სიმეონე („ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენ კარგი თამაში დაგვჭირდება კარგი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს და ის საქმეს შესანიშნავად აკეთებს. ისინი გერმანიის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდნენ. გამარჯვება არამხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ ერთადერთი ვარიანტია, რაც შეიძლება დღეს გავაკეთოთ. მხოლოდ საუკეთესო თამაშზე ვარ კონცენტრირებული და ვიმეორებ ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა“.

სავარაუდო შემადგენლობები

ლისაბონი, „ჟოზე ალვალადე“, 13 აგვისტო, 23:00 საათი

„ლაიფციგი“ (3-4-2-1): გულაში; კლოსტერმანი, უპემეკანო, ჰალსტენბერგი; ლაიმერი, ზაბიცერი, კამპლი, მუკიელე; ფორსბერგი, ნკუნკუ; შიკი

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; არიასი, ხიმენესი, სავიჩი, ლოდი; ლორენტე, კოკე, საული, კარასკო; ჟოაო ფელიქსი, დიეგო კოშტა

მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113454