ავტოსპორტი

22:25 | 9.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა „მერსედესის“ მოგებათა სერია დაასრულა

„რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენმა სილვერსტოუნზე, ფორმულა 1-ის საიუბილეო, 70 წლისთავის დიდი პრიზი მოიგო და ამით, „მერსედესის“ წაუგებელ სერიას წერტილი დაუსვა. ამ მოგებით, ჰოლანდიელმა მრბოლმა ჩემპიონატში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ლიდერ ლუის ჰამილტონს ის 30 ქულით ჩამორჩება, თავად კი 4 ქულას უგებს ვალტერი ბოტასს.

ჰამილტონმა რბოლის მიწურულს თანაგუნდელი ბოტასის ჩამოტოვება კი შეძლო, მაგრამ ფერსტაპენს ვეღარ დაეწია. თუმცა კვარცხლბეკზე ავიდა, რაც მის კარიერაში 155-ედ მოხდა. ამით კი ბრიტანელმა მიხაელ შუმახერის მიღწევა გაიმეორა. ამასთან, ეს ზედიზედ 38-ე რბოლაა, რომლებშიც ჰამილტონმა ქულის აღება შეძლო.

ისევე როგორც ერთი კვირის წინ, „მერსედესის“ პილოტებს ამჯერადაც საბურავების პრობლემა ჰქონდათ. ოღონდ, თუ ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლაში ჰამილტონს და ბოტასს წინა ბორბალმა უმტყუნა, ამჯერად პრობლემები უკანა ბორბლებმა შექმნა.

„როგორც გუნდს, ერთ მომენტში ჩაგვეძინა, მაქსმა კი დაწინაურება შეძლო. ჩემი სტრატეგია ძალიან, ძალიან შორს იყო იდეალურისგან. ვფიქრობ, დღევანდელი რბოლიდან დასკვნები უნდა გავაკეთოთ“, - ამბობს ფინელი მრბოლი.

აღსანიშნავია, რომ სტარტზე წინა 10 პოზიციაზე მდგარ პილოტთაგან, ფერსტაპენი ერთადერთი იყო, ვინც სტარტზე მაგარი საბურავებით იდგა. ამან კი მისცა იმის საშუალება, რომ პიტ სტოპი გვიან შეესრულებინა და ამით უპირატესობას მიეღო.

„ჩვენ აქამდე იმის საშუალება არ გვქონია, რომ ისინი (მერსედესი) ზეწოლის ქვეშ გვყოლოდა. ამჯერად კი დავინახე, რომ ეს შევძელი. ისინი იძულებული გახდნენ, პიტ სტოპი შეესრულებინათ, მე კი ჩემი ტემპი შევინარჩუნე“, - ამბობს ფერსტაპენი.

ჰამილტონმა თავისი მეორე პიტ სტოპი ფინიშამდე 11 წრით ადრე შეასრულა და ახალი საბურავების წყალობით, მალევე ჩამოიტოვა შარლ ლეკლერი და ბოტასი. ლეკლერმა რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა. მისი თანაგუნდელი სებასტიან ფეტელი, ვისაც რბოლის დასაწყისში შეცდომა მოუვიდა, მე-12 ადგილს დასჯერდა.

სეზონის მეექვსე რბოლა ესპანეთის დიდი პრიზია და მას ბარსელონა უმასპინძლებს.

70-ე წლისთავის დიდი პრიზი

სილვერსტოუნი, დისტანცა 306.198 კმ (5.891 კმ, 52 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:19'41.993
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 11.326
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 19.231
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 29.289
  5. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 39.146
  6. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 42.538
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რეისინგ პოინტი) 55.951
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 1'04.773
  9. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1'05.544
  10. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 1'09.669
  11. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'10.642
  12. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1'13.370
  13. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1'14.070
  14. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1 წრე
  15. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  17. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  18. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  19. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  20. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 9 წრე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:28.451 (43-ე წრე, 222.283 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 107 ქულა; 2. მაქს ფერსტაპენი - 77; 3. ვალტერი ბოტასი - 73; 4. შარლ ლეკლერი - 45; 5. ლანდო ნორისი - 38; 6. ალექს ალბონი - 36; 7. ლანს სტროლი - 28; 8. სერხიო პერესი - 22; 9. დანიელ რიკარდო - 20; 10. ესტებან ოკონი - 16; 11. კარლოს საინსი - 15; 12. პიერ გასლი - 12; 13. სებასტიან ფეტელი - 10; 14. ნიკო ჰულკენბერგი - 6; 15-16. ანტონიო ჯოვინაცი და დანიილ კვიატი - 2; 17. კევინ მაგნუსენი - 1; 18-21. კიმი რაიკონენი, ნიკოლას ლატიფი, ჯორჯ რასელი და რომენ გროჟანი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 180 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 113; 3. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 56; 4. ფერარი - 55; 5. მაკლარენ-რენო - 53; 6. რენო - 36; 7. ალფატაური-ჰონდა - 14; 8. ალფა რომეო-ფერარი - 2; 9. ჰაას-ფერარი - 1; 10. უილიამს-მერსედესი - 0

0.118397