ფეხბურთი

10:26 | 8.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფორმალობა მიუნხენში და გამოცდა ბარსელონაში

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს ბოლო ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართება და შესაბამისად ბოლო ორი მეოთხედფინალისტიც გაირკვევა. თამაშები ბარსელონასა და მიუნხენში გაიმართება.

პირდაპირ რომ ვთქვათ, ერთ წყვილში ყველაფერი გარკვეულია, მეორეში კი ფავორიტი გამოკვეთილია, ყველაფრის მიუხედავად.

„ბარსელონა“ „ნაპოლის“ უმაყურებლოდ დაუხვდება და ნეაპოლიდან 1:1 აქვს წამოღებული, რაც კიკე სეტიენის გუნდს პატარა, მაგრამ უპირატესობას აძლევს. „ბლაუგრანამ“ ესპანეთში სეზონი ჩააგდო, უტიტულოდ დარჩა და ჩემპიონთა ლიგა ერთადერთია, რასაც „ბარსასთვის“ სეზონის გადარჩენა შეუძლია. ცალკე საკითხია ის, რომ სეზონის რესტარტის შემდეგ კატალონური გრანდის თამაში ხშირ შემთხვევაში კრიტიკას ვერ უძლებდა. „ნაპოლიმ“ კი სერია A-ში მხოლოდ მე-7 ადგილი დაიკავა, მაგრამ იტალიის თასზე ჩინებულად იასპარეზა, ფინალში „იუვენტუსს“ მოუგო და ტიტულს დაეუფლა.

„ბარსელონას“ საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. სამუელ უმტიტი და უსმანე დემბელე ტრავმირებულნი არიან. ამას ესპანური გრანდი ნამდვილადაა შეჩვეული, მაგრამ არტურო ვიდალისა და სერხიო ბუსკეტსის დისკვალიფიკაცია მართლაც საგანგაშო დანაკლისია. მითუფრო, რომ არტური გუნდში უკვე აღარ ირიცხება და სეტიენს სამი კვალიფიაციური ნახევარმცველი აკლია. „ნაპოლის“ კი ბერძენი მცველი კოსტას მანოლასი ვერ დაეხმარება. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა ითამაშებს თუ არა ლორენცო ინსინიე, თუმცა იტალიელმა ბოლო ვარჯიში ჩაატარა და უფრო მეტია შანსი მინდორზე იყოს, ვიდრე არ იყოს.

კიკე სეტიენი („ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი): „გულმოდგინეთ მოვემზადეთ თამაშისთვის და დარწმუნებული ვართ, რომ შეგვიძლია ამ ბარიერის გადალახვა და კონკურენციის გაწევა ფინალში გასასვლელად ყველა გუნდისთვის. რთული თამაში იქნება, თუ ბურთს შევინარჩუნებთ, მეტოქეს ნაკლებ შესაძლებლობას მივცემთ. გვინდა სწრაფი გოლი გავიტანოთ, რადგან გამარჯვება გვსურს“.

ჯენარო გატუზო („ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი): „ვიცით „ბარსას“ ხარისხი და ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ ტექნიკურად და ტაქტიკურად. ვიცით, რომ შესანიშნავად თამაში გვჭირდება, იმის მიუხედავად, რომ ეს შესაძლოა საკმარისი მაინც არ იყოს. უტიტულოდ დარჩენა „ბარსელონას“ უფრო მეტ ძალას ანიჭებს, რადგან უფრო მშიერია. „ბარსა“ ევერსტია და იქ უნდა ავიდეთ. ლორენცო ინსინიე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, ექიმებთან კონტაქტზე ვარ, თუ ის მზად 100%-ით არ იქნება, არ ითამაშებს“.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბარსელონა, „კამპ ნოუ“, 23:00 საათი

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა; სერხიო რობერტო, რაკიტიჩი, დე იონგი; მესი, სუარესი, გრიზმანი

„ნაპოლი“ (4-3-3): ოსპინა; ჰისაი, დი ლორენცო, კულიბალი, მარიო რუი; ფაბიან რუისი, დემე, ზიელინსკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მსაჯი: ჯიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

პარალელურად მიუნხენის „ბაიერნი“ ლონდონის „ჩელსის“ დაუხვდება. ეს მატჩი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორმალობაა, რადგან 25 თებერვალს „რეკორდმაისტერმა“ ინგლისში 3:0 იმარჯვა და ცხადია საოცარ მყოფი მიუნხენური გიგანტი ამ უპირატესობა ქარს არ გაატანს.

„ბაიერნმა“ სეზონის რესტარტის შემდეგაც ისე ითამაშა, თითქოს საერთოდ არაფერი მოხმდარა. ბუნდესლიგაც მოიგო და გერმანიის თასიც და შედეგად, ტრებლს უმიზნებს. ბევრისთვის ჰანსი ფლიკის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია და ეს მოსაზრება მეტად საფუძვლიანია. „ჩელსიმ“ კი სეზონის ფინიში ჩააგდო. ჩემპიონთა ლიგის საგზური ი მოიპოვა, მაგრამ მეოთხე ადგილით და ბოლო ტურებში რამდენიმე ცუდი თამაშიც ჩაატარა. ამასთან, ინგლისის თასის ფინალში „არსენალთან“ წააგო და ტიტული დაკარგა.

ფრენკ ლამპარდს ძალიან დიდი დანაკლისი აქვს რადგან ბევრი ტრავმირებული ჰყავს: პულიშიჩი, ასპილიკუეტა, პედრო, გილმური, ლოფტუს-ჩეკი, ვილიანი, კანტე. დისკვალიფიაციის გამო ალონსო და ჟორჟინიო ვერ ითამაშებენ. მოკლედ, პრაქტიკულად ნახევარი გუნდი აკლია ინგლისელ სპეციალისტს და ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია. სამაგიეროდ, „ბაიერნს“ მხოლოდ ბენჟამენ პავარი აკლია, რისი შევსებაც გერმანელებს მარტივად შეუძლიათ.

ჰანს-დიტერ ფლიკი („ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენ მეტოქეს პატივს ვცემთ. ვნახეთ როგორ ითამაშა „ჩელსიმ“ სეზონის რესტარტის შემდეგ და ისე მივუდგებთ მატჩს, როგორც ყოველთვის. თამაშზე 100%-ით ვართ ფოკუსირებული, არ ვფიქრობ იმაზე, რომ 3:0 მოვიგეთ და შემდეგ მეტოქეზე“.

ფრენკ ლამპარდი („ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი): „მჯერა, რომ შეგვიძლია, მაგრამ რთული ამოცანა გვაქვს. უნდა გვესმოდეს სიტუაცია, რომელშიც ვართ, ძალიან რთული იქნება. თავდაჯერებულად უნდა ვითამაშოთ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ, ეს არის ის, რასაც გუნდისგან ველოდები, თამაშს სწორი გზით უნდა მივუდგეთ“.

სავარაუდო შემადგენლობები:

მიუნხენი, „ალიანც არენა“, 23:00 საათი

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი, ალაბა; დევისი; ტიაგო ალკანტარა, გორეცკა; გნაბრი, მიულერი, პერიშიჩი; ლეანდოვსკი

„ჩელსი“ (3-4-3): კაბალიერო; რუდიგერი, კრისტენტენი, ზუმა; ჯეიმსი, კოვაჩიჩი, ბარკლი, ემერსონი; მაუნთი, ჟირუ, ჰადსონ-ოდოი

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

0.122646