ფეხბურთი

23:20 | 29.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა - განვლილი სეზონის საინტერესო მონაცემები  

პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონი დასრულდა და მთავარი სტატისტიკური მონაცემები ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივრებმა კარგად იციან ისეთები როგორიცაა: ვინ გაიტანა ყველაზე მეტი გოლი, ვინ გაუშვა ყველაზე ნაკლები გოლი, ბომბარდირი ვინ გახდა და მსგავსი ფართოდ გავრცელებული მონაცემები. BBC-მ Opta-ს მონაცემებზე დაყრდნობით განვლილი სეზონი შეაჯამა და საინტერესო სტატისტიკა წარმოადგინა.

გასული სეზონი უცნაური აღმოჩნდა და იყო სეზონის ნაადრევად დასრულების შანსიც, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო თამაშები გადაიდო და თითქმის სამი თვე შესვენება იყო. ამიტომაც, ივნისში სეზონის განახლების შემდეგ საინტერესო იყო როგორ განვითარდებოდა სიტუაცია პრემიერლიგაში. განახლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კარში დარტყმების საშუალო რაოდენობა ერთ მატჩში შემცირდა, ხოლო პასების რაოდენობა გაიზარდა. ასევე გოლების პროცენტული რაოდენობა მეორე ტაიმში შემცირდა.

გასულ სეზონში დამხმარე ვიდეო მსაჯის სისტემა (VAR) პრემიერლიგაში პირველად გამოიყენეს და ყველაზე მეტი სარგებელი "ბრაიტონმა" მიიღო, რომელმაც რვა გოლი გაუშვა და ვიდეო რეფერმა გოლი ამ გუნდის სასარგებლოდ გააუქმა. ასევე, შვიდ-შვიდი გაუქმებით სარგებელი მიიღო "მანჩესტერ იუნაიტედმა" და " "საუთჰემპტონმა". ყველაზე მეტად კი VAR-ის სისტემამ "ვესტ ჰემი" დააზარალა, რადგან ოთხ შემთხვევაში გოლი გააუქმეს, ხოლო ოთხჯერ გოლი გაუშვა და გადამოწმების შემდეგ მსაჯმა გოლი არ გააუქმა.

38-ე ტური ცოტა დაძაბული აღმოჩნდა, რადგან ფინალურ დღეს გაირკვა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მფლობელი გუნდების ვინაობა. "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ "ლივერპულთან" და "მანჩესტერ სიტისთან" ერთად. ბოლო ტურში კი "ასტონ ვილა" გავარდნას გადაურჩა და ფრემ იხსნა. "ბორნმუთი" კი შეეცადა და სტუმრად "ევერტონი" დაამარცხა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მე-17 ადგილზე მყოფ ბირმინგემულ გუნდს ერთი ქულით ჩამორჩა. "ალუბლები" ზედიზედ მეხუთე სეზონის პრემიერლიგაში 60-ზე მეტ გოლს უშვებენ და ალბათ კლუბის მფლობელებს არც გაკვირვებიათ ჩემპიონშიფში დაქვეითება.

ტოპ ოთხ გუნდში ყველაზე მეტი დრო "ლივერპულმა" (353), "მანჩესტერ სიტიმ" (352), "ლესტერმა" (325) და "ჩელსიმ" (282) გაატარეს, თუმცა ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე "მელიები" ვერ გავიდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ტოპ ოთხში 22 დღე გაატარა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ახლოს იყო ხოლმე და ბოლო პერიოდში კარგმა თამაშმა ულე გუნარ სულშერის გუნდს წარმატება მოუტანა. გასავარდნ ზონაში კი ყველაზე მეტი დრო "ნორვიჩმა" (311 დღე), "უოტფორდმა" (200) და "ასტონ ვილამ" (193) გაატარეს, თუმცა ბირმინგემელები ბოლო ტურში გადარჩნენ და მე-18 ადგილი "ბორნმუთმა" (180 დღე) დაიკავა.

2019/20 წლების სეზონში ყველაზე ხანდაზმული გუნდი 72 წლის როი ჰოჯსონს ყავდა - "კრისტალ პალასის" სასტარტო თერთმეტეულის საშუალო ასაკი 29 წელი და 339 დღე იყო. "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტიც" ასაკოვანი გუნდებია, სასტარტოს საშუალო ასაკი დაახლოებით 27 წელია, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა გუნდით "მანჩესტერ იუნაიტედი" (25 წელი, 96 დღე) იყო წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ "საუთჰემპტონი" მე-11 ადგილზე გავიდა და ერთი შეხედვით ნორმალურ გუნდად უნდა ჩაითვალოს, რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდს საკმაოდ უცნაური სეზონი ჰქონდა. საშინაო მატჩებში აღებული ქულებით "წმინდანებმა" მხოლოდ ბოლოადგილოსან "ნორვიჩს" აჯობეს და 19 მატჩში 21 ქულა აიღეს, ხოლო სტუმრად გამართულ შეხვედრებში მესამე პოზიცია დაიკავა 31 ქულით. ბოლო კომპონენტში ცხადია ლიდერები "ლივერპული" (44) და "მანჩესტერ სიტი" (34) იყვნენ, თუმცა "საუთჰემპტონი" "ქალაქელებს" მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩა, რაც გამოსარჩევი ფაქტია.

რალფის გუნდს უკავშირდება ყველაზე ხმაურიანი საშინაო წაგება - "წმინდანებმა" "ლესტერთან" 0:9 წააგეს, რაც ინგლისის ჩემპიონატის რეკორდია. პანდემიის გამო იძულებითი შესვენების შემდეგ, "საუთჰემპტონმა" კარგი შედეგი დააფიქსირა - "მანჩესტერ სიტის" (24) და "მანჩესტერ იუნაიტედის" (21) შემდეგ რალფის გუნდს 18 ქულა დაუგროვდა ცხრა შეხვედრაში. "საუთჰემპტონმა" 38 შეხვედრაში 51 გოლი გაიტანა, საიდანაც 22 დანი ინგსის ანგარიშზეა (22), რომელიც ბომბარდირ ჯეიმი ვარდის ერთი გოლით ჩამორჩა. ასევე, ინგსი გახდა "საუთჰემპტონის" მესამე ფეხბურთელი მეთიუ ლე ტისიეს და ჯეიმს ბიტის შემდეგ, რომელმაც პრემიერლიგის ერთ სეზონში 20-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა.

საბოლოოდ, პრემიერლიგის სეზონი დასრულდა, ჩემპიონი "ლივერპული" გახდა, რომელმაც დიდი ლოდინის შემდეგ გულშემატკივრები გაახარა. 16 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში აღზევდა "ლიდს იუნაიტედი", ასევე უმაღლესი დივიზიონის საგზური "ვესტ ბრომვიჩმა" მოიპოვა, ხოლო მესამე გუნდის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. პრემიერლიგის 2020/21 წლების სეზონი სტარტს 12 სექტემბერს აიღებს და მომდევნო წლის 23 მაისს დასრულდება, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და ჩემპიონატი კვლავ არ გადაიდო.

0.148293