ფეხბურთი

16:20 | 23.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლივერპული ზეიმობს

წუხელ დიდი ამბები იყო „ენფილდზე.“ მართალია, მაყურებელი არ დაუშვეს, მაგრამ „ლივერპულის“ ქომაგები სარბიელის შემოგარენს მოედნენ და კარგა ხნის განმავლობაში წამით არ გაჩერებულან. ადგილობრივი პოლიცია შეფიქრიანებული იყო, ისინი ფანებს შინ დარჩენისაკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ „ენფილდის“ გარშემო ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც სოციალურ დისტანციას არ იცავდნენ. დროშებს აფრიალებდნენ და მაშხალებს ისროდნენ.

მათი განწყობა ერთი გულშემატკივრის ნათქვამით შეიძლება გადმოვცეთ. 24 წლის მძღოლმა, ჯონ მენერსმა Daily Mail-ს უთხრა: „ჩემი მსგავსი ადამიანებისთვის ეს განსაკუთრებული, ჯადოსნური საღამოა. სკოლიდან მოყოლებული ველოდი ამას და აბა, შინ როგორ დავრჩებოდი.“

„ჩელსისთან“ მოგების შემდეგ (5:3), მერსისაიდელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ლივერპულელებს პრემიერლიგის ჩემპიონია თასი და ოქროს მედლები გადასცეს. უმაყურებლობამ, ცხადია, დაღი დაასვა ღონისძიებას, თუმცა ორგანიზატორები ჩინებულად გაისარჯნენ და მაინც ლამაზი წარმოდგენა გამოუვიდათ.

აღფრთოვანებული იყო იურგენ კლოპი: „განსაკუთრებული შეგრძნებაა. ვერაფერ განვლილს ვერ შევადარებ ამ ემოციას. შესაძლოა, სეზონი უკეთ ჩაგვემთავრებინა, შეიძლება უარესად - ვერაფერი მოგვეგო. არ შემიძლია ჩემი ფეხბურთელებით არ ვიამაყო. მათ მართლაც გმირობა ჩაიდინეს. მაგრამ ამ გუნდს კიდევ აქვს მომატების პოტენცია, ყველა ფეხბურთელს, რომელმაც ბევრი მატჩი ჩაატარა, კიდევ შეუძლია გაზრდა. ასევე მათაც, ვისაც ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდა. ამის კარგი მაგალითი ნაბი კეიტა და კერტის ჯონსი არიან. ეს უკანასკნელი, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე ჩამოყალიბებული მოთამაშეა.

ყველა ფეხბურთელს შეუძლია კიდევ უკეთესი გახდეს, ამიტომ კონკურენტებს ვპირდებით, რომ მომავალი სეზონი არანაკლებ შთამბეჭდავი იქნება და შევეცდებით ტიტული შევინარჩუნოთ“ - თქვა შემდეგ კლოპმა პრესკონფერენციაზე.

„მართალია, მაყურებლები არ იყვნენ, მაგრამ მაინც შესანიშნავი წარმოდგენა გამოვიდა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოჯახების დაჯილდოებაზე დასწრებას. თამაშზე ისინი არ დაუშვეს, ღონისძიებას კი დაასწრეს.

მადლობა ორგანიზატორებს ამისთვის. ჩემი ოჯახი კარგა ხანს არ მენახა და მათმა დასწრებამ ეს დაუვიწყარი სანახაობა გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის. ასეთ დროს ხომ ყველაზე ახლობლებთან გინდა ემოციის გაზიარება.“ - ამატებს გერმანელი სპეციალისტი.

სიხარულისგან ადგილს ვერ პოლობდა ჰენდო, კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი: „ბავშვობის ოცნება ავისრულე. აქამდეც ვიცოდი, რომ დიდ კლუბში ვთამაშობდი და აი, ტიტულების მოგებაც დავიწყეთ.

შარშან საოცარი რამ მოხდა, 97 ქულა დავაგროვეთ და ჩემპიონები მაინც ვერ გავხდით. სამაგიეროდ ამას რამდენიმე კვირის შემდეგ ვუპასუხეთ, როცა ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ.

კლოპმა უზარმაზარი სამუშაო გასწია. ის საუკეთესო მწვრთნელია, ისეთი, როგორიც „ლივერპულის“ ამბიციებს შეესაბამება.

კარგად დავიწყეთ, სეზონის განმავლობაში სულ ვიზრდებოდით და თავდაჯერება გვემატებოდა. დაუნდობლები გავხდით“ - ამბობს ჰენდო.

0.118113