სტატიები

15:18 | 21.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

არადა, ლევანდოვსკის, შესაძლოა, მესი და რონალდუ დაემარცხებინა

France Football-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2020 წელს „ოქროს ბურთს“ არავის გადასცემს. ეს პირველი შემთხვევაა ამ პრიზის დაარსებიდან (1956).

მართალია, დაჯილდოების ცერემონია დეკემბერში ტარდება ხოლმე, მაგრამ ფრანგულმა ჟურნალმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე განაცხადა.

გამოცემის მთავარი რედაქტორის, პასკალ ფერეს განმარტებით, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც პრიზის ვინმესთვის გადაცემა უსამართლობა იქნებოდა.

  • ასეთი უნიკალური წელიწადი ვერ ჩაითვლება ჩვეულებრივ წლად. ამიტომ, როცა ეჭვები არსებობს, ჯობს თავი შეიკავო.
  • „ოქროს ბურთი“ სპორტული მაჩვენებლების გარდა, წესიერების, სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის სიმბოლოა.
  • სამართლიანობა, რომელსაც კანდიდატის შერჩევისას ვიჩენთ, ამჯერად ვერ განხორციელდება, რადგან კანდიდატები განსხვავებულ სიტუაციაში არიან. ზოგიერთმა ვადამდე დაასრულა სეზონი, ზოგი კი კვლავაც აგრძელებს თამაშს. ვერ შევადარებთ იმას, რისი შედარებაც არ შეიძლება.
  • რამდენიმე თვე ამოვარდა კალენდრიდან, ამიტომ ობიექტური შეფასება შეუძლებელი იქნება. თანაც მატჩები უჩვეულო სიტუაციაში იმართება: მაყურებლების გარეშე, ხუთი შეცვლა, რვაგუნდიანი პლეი ოფი ჩემპიონთა ლიგაში. ასეთ ვითარებაში საუკეთესოს შერჩევა პრიზის ისტორიას და ტრადიციას ეწინააღმდეგება.
  • პანდემიის გამო ჟიურის თითქმის 220 წევრი, როგორც კაცები, ასევე ქალები, შესაძლოა, ფეხბურთს ისეთ ყურადღებას ვეღარ აქცევენ, ამიტომ, შეფასებაც შეიძლება ობიექტური ვერ გამოდგეს.
  • ტრადიციული დაჯილდოებების მაგიერ, France Football წლის ბოლოს „ოცნების გუნდს“ დაასახელებს. საგანგებო ჟიური ფეხბურთის ისტორიაში 11 საუკეთესო ფეხბურთელს გამოარჩევს.

საინტერესოა, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში, „ოქროს ბურთს“ მხოლოდ „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები იგებდნენ. ექვსჯერ ლიონელ მესიმ, ხუთჯერ კრიშტიანუ რონალდუმ და ერთხელ ლუკა მოდრიჩმა გაიმარჯვეს.

ახლა ვნახოთ ვინ იყვნენ წლევანდელი კანდიდატები.

„ბაიერნის“ თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი, ლამის გამარჯვების მთავარი კანდიდატი იყო. პოლონელისვის, რომელსაც ერთი თვის შემდეგ 32 წელი შეუსრულდება, ეს პირველი „ოქროს ბურთი“ იქნებოდა კარიერაში, მეტი შანსი მას შეიძლება აღარც მიეცეს.

ივნისის ბოლოს, პორტალმა Goal.com კანდიდატების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, ლევანდოვსკი აქაც პირველი იყო. საუკეთესო ათეული ასეთია:

  1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
  2. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი)
  3. კევინ დე ბუინი (მანჩესტერ სიტი)
  4. ლიონელ მესი (ბარსელონა)
  5. ტომას მიულერი (ბაიერნი)
  6. კარიმ ბენზემა (მადრიდის რეალი)
  7. ნეიმარი (პსჟ)
  8. ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდის ბორუსია)
  9. კილიან მბაპე (პსჟ)
  10. ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდის ბორუსია)

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში, ბაიერნის მაისურით, ლევანდოვსკიმ 43 მატჩი ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა.

0.151448