ფეხბურთი

2:15 | 21.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეცხრე სკუდეტო: "იუვემ" კითხვები გააქრო

„იუვენტუსს“ ხელს ჩემპიონობაში ვერაფერი შეუშლის. ახლა ერთადერთი დაბრკოლება არსებობს და ყველაზე მარტივი - დრო. ამის თქმის უფლება ნამდვილად გვაქვს და რატომ?

სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ტურინელები „ინტერს“ 8, „ატალანტას“ 9 და „ლაციოს“ 11 ქულით უსწრებენ. რა უნდა მოხდეს, რომ მაურიციო სარიმ კარიერაში პირველი, ხოლო „იუვემ“ ზედიზედ მეცხრე სკუდეტო ვერ მოიგოს? სასწაული? ასეთი სასწაულები ალბათ საუკუნეში ერთხელაც იშვიათად ხდება.

მოკლედ, ყველაფერი გადაწყვეტილია და გადაწყდა მას შემდეგ, რაც „იუვენტუსმა“ სახლში „ლაციოს“ 2:1 აჯობა. კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი გაიფორმა, მეორე ტაიმის სტარტზევე და ჩირო იმმობილეს პრესტიჟის გოლმა ანგარიში კი, მაგრამ შედეგი ვერ შეცვალა. "ბებერმა ქალბატონმა" 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, თავის ისტორიაში პირველად მოახერხა სერია A-ს ზედიზედ 11 თამაშში მინიმუმ 2 გოლის გატანა.

რონალდუმ რამდენიმე რეკორდი დაამყარა. ყველაზე სწრაფად გაიტანა სერია A-ში 50-ზე მეტი გოლი (61 მატჩში 51 გოლი) და ანდრეი შევჩენკოს მიღწევა გააუმჯობესა. „იუვენტუსის“ მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში იტალიის ჩემპიონატის ეგიდით მინიმუმ 30 გოლი გაიტანა (პირველი 1952 წლის შემდეგ) და ისტორიაში პირველია, ვინც სერია A-ში, ლა ლიგასა და პრემიერლიგაში მინიმუმ 50 გოლი შეაგდო. ერთი საინტერესო მიღწევის ავტორი იმმობილეც გახდა - ის მეხუთე იტალიელი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ს ერთ სეზონში მინიმუმ 30 გოლი გაიტანა. ბოლოს ამ ნიშნულს ლუკა ტონი გადასცდა (2006 წელს, 31 გოლი). როგორც მიხვდით, ბომბარდირთა დავაში რონალდუ და ჩირო იბრძვიან და 30-30 გოლი აქვთ აქტივში. მათ მეორე ამოცანაც აქვთ გადასაჭრელი - „ოქროს ბუცის“ მოგება. ჯერჯერობით ლიდერი რობერტ ლევანდოვსკია, რომელმაც ბუნდესლიგის სეზონი 34 გოლით დაასრულა. ვნახოთ, რა გამოუვათ პორტუგალიელსა და იტალიელს დარჩენილ 4 მატჩში.

„იუვენტუსს“ კი სკუდეტოს საკითხი მოგვარებული აქვს. სხვა საქმეა, რომ ტურინელთა თამაშის ხარისხი კვლავაც არადამაჯერებელი და მეტიც, სავალალოა.

„იუვენტუსი“ – „ლაციო“ 2:1 (0:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

უმაყურებლოდ

„იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; რემზი (მატუიდი 57), ბენტანკური, რაბიო; დუგლას კოშტა (დანილო 57), რონალდუ, დიბალა (რუგანი 89)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„ლაციო“(3-5-2): სტრაკოშა; ბასტოსი, ლუის ფელიპე (ფალბო 89), აჩერბი; ლაძარი (მორო 89), მილინკოვიჩ-სავიჩი, კატალდი (ა. ანდერსონი 75), პაროლო, დ. ანდერსონი (ვავრო 66); კაისედო (ადეკანიე 66), იმობილე

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 1:0 რონალდუ (51, პენ), 2:0 რონალდუ (54), 2:1 იმმობილე (83, პენ)

გაფრთხილება: ალექს სანდრო (60), ბონუჩი (82), დანილო (88) - დ. ანდერსონი (37)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (10) – 6 (5) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 4:7 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: დანიელე ორსატო

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.241947