ფეხბურთი

2:00 | 15.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მფრინავი "ქალღმერთი"

ბერგამოს „ატალანტასგან“ უკვე გასაკვირი არაფერია, უბრალოდ დაუჯერებელია ყველაფერი ის, რასაც მწვანე მინდორზე ჯან პიერო გასპერინის გუნდი აკეთებს, თანაც სტაბილურად.

33-ე ტურის სასტარტო შეხვედრაში „ქალღმერთი“ („ატალანტას“ მეტსახელია) აუტსაიდერ და გასავარდნად განწირულ „ბრეშას“ კარგ დღეს რომ არ დააყრიდა, ეს ისედაც ცხადი იყო.

მეორე წუთზევე მარიო პაშალიჩმა გახსნა ანგარიში და სტუმართა რბევა დაიწყო. თუმცა 6 წუთში ერნესტო ტორეგროსამ გაათანაბრა და სტუმრებმა საყაიმო ანგარიში 25-ე წუთამდე შეინარჩუნეს. რა მოხდა მერე? მერე „ატალანტამ“ 5 წუთში 3 გოლი გაიტანა და ნახევარ საათში ყველანაირი ინტრიგა მოკლა.

მეორე ტაიმის სტარტზე პაშალიჩმა ორჯერ იხეირა და ხორვატმა ნახევარმცველმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა. ბოლოსკენ „ბრეშამ“ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ 6:2 ბერგამოელთა სასარგებლოდ. ცნობისთვის, სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ლომბარდიელთა აქტივში 93 გატანილი გოლია და ალბათ ხვდებით, რომ 100-გოლიან ზღვარს მარტივად გადაცდებიან, სერია A-ში კი ასეთი ფაქტი ნახევარ საუკუნეზე მეტია, უფრო კონკრეტულად 70 წელია არ დაფიქსირებულა. ტოპ ჩემპიონატებში უფრო მეტი გოლი მიმდინარე სეზონში მხოლოდ "ბაიერნმა" გაიტანა (100)

„ატაალნტამ“ 70 ქულით მეორე ადგილზე აინაცვლა, მაგრამ „ლაციოსა“ და „ინტერს“ ამ ტურში ჯერ არ უთამაშიათ და აქვთ შანსი გასპერინი ბიჭები უკან მოიტოვონ. როგორც უნდა იყოს, ფაქტია „ატალანტა“ დაფრინავს და ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერი მეტოქისთვის საშიში ოპონენტი იქნება.

„ატალანტა“ – „ბრეშა“ 6:2 (4:1)

გოლები: 1:0 პაშალიჩი (2), 1:1 ტორეგროსა (8), 2:1 დე რონი (25), 3:1 მალინოვსკი (28), 4:1 ძაპატა (30), 5:1 პაშალიჩი (55), 6:1 პაშალიჩი (58), 6:2 შპალეკი (83)

0.143734