ფეხბურთი

0:41 | 13.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი "ტორპედოსთან" მატჩის შემდეგ: "სიცოცხლე გვაკლდა"

„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი ქუთაისში მეტოქის რანგში ჩავიდა და მისი გუნდი „ტორპედოსთან“ ფრეს (0:0) დასჯერდა. ქართველმა სპეციალისტმა თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.

„შეგვეძო მოგებაც და შეიძლებოდა დავმარცხებულიყავით, ამიტომ ფრე ლოგიკური შედეგი იყო. ერთადერთ რაც გვაკლდა, სიცოცხლე იყო, ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც წინა მატჩებში. მაგრამ არაუშავს, ყველა თამაშს ნამდვილად ვერ მოვიგებთ. რაც ყველაზე მთავარია, ვერაფერს გამოვასწორებთ, მომდევნო მატჩი გორის „დილასთან“ გვაქვს და მოვემზადებით.

ქუთაისში ჩემს დაბრუნებას რაც შეეხება, ძალიან ემოციური იყო, აქ დაიწყო ჩემი კარიერა, ცოტა სხვანაირად ვგრძნობდი თავს. მადლობა ქუთაისელ გულშემატკივრებს იმ წარსულისთვის და მადლობას გადავუხდი ასევე „დინამოს“ გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან. წარმატებებს ვუსურვებ „ტორპედოს“, ყველამ ვიცით თუ რა პრობლემები იყო და სამწვრთნელო შტაბმა მოახერხა გუნდის ფეხზე დაყენება. ჩვენ კი თამაშიდან თამაშამდე უნდა მოვუმატოთ და უკეთესად ვითამაშოთ“, - აღნიშნა ჩხეტიანმა.

შეგახსენებთ, „დინამო თბილისს“ ხუთი ტურის თავზე 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ გორის „დილას“ ჩამორჩება, რომელსაც მომდევნო ტურში დაუპირისპირდება.

0.114161