ფეხბურთი

21:32 | 11.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიას მე-11 გოლი სეზონში და პოლონეთის ჩემპიონის ტიტული (+VIDEO)

ჩემპიონის ტიტული გოლით - ვაკო გვილიამ დიდებული სეზონი ისე დააგვირგვინა, როგორც შეეფერებოდა. „ლეგიამ“ „კრაკოვიას“ უმასპინძლა, 2:0 აჯობა და პოლონეთის ჩემპიონი გახდა.

ვაკომ მსაჯის კომპენსირებულ დრომდე ითამაშა და 75-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ქართველმა ნახევარმცველმა ექსტრაკლასაში მერვე გოლი გაიტანა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით ეს იყო მე-11 გოლი (2 პოლონეთის თასზე, 1 - ევროპა ლიგაზე). გარდა ამისა, 9 საგოლე პასიც აქვს აქტივში, რაც ცხადია, დიდებული მაჩვენებელია.

ვარშავალებს 35 ტურის შემდეგ 68 ქულა დაუგროვდათ და უახლოეს მდევრისთვის, პოზნანის „ლეხისთვის“ მიუწვდომელია. „ლეგია“ პოლონეთის ჩემპიონი ისტორიაში მე-14-ედ გახდა, ვაკო გვილია - პირველად.

შეგახსენებთ, ქართველი ნახევარმცველი პოლონურ გუნდს გასულ ზაფხულს „გურნიკიდან“ შეუერთდა. ექსტრაკლასაში 35 მატჩი (8 გოლი), პოლონეთის თასზე 4 (2 გოლი), ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი 8 თამაში ჩაატარა (1 გოლი).

0.111665