კალათბურთი

10:52 | 11.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

გაემიჯნეთ პოლიტიკას, უქომაგეთ ცსკა-ს!!!

...რავი, ხომ სწორად დავწერე? ხომ არაფერი შემშლია? თუ რამე შემეშალა, შემისწორეთ გეთაყვა, ნუ მომერიდებით. ანდაც, რაა მოსარიდებელი, როდესაც ამოდენა კრიტიკა დაატყდა ადამიანს, გამოჩენილ სპორტსმენს და მის, კარგა მოზრდილი რაოდენობის მხარდამჭერს.

არადა, რისთვის, რისთვის ატკინეს ამდენ ხალხს გული?..

ახლა იტყვით, მათაც რომ გვატკინესო... და ისეთი რა ტკივილი მოგაყენეს - დიდი ამბავი, თუ შენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) კალათბურთელი და სპორტსმენი მტერი ქვეყნის არმიის გუნდში ითამაშებს (აი, იმ არმიის, საქართველოში თავის ნებაზე „შემოსეირნება“, საოკუპაციო ხაზის ხშირ-ხშირად გადმოწევა და სულაც, ჩვენი ქვეყნის დაპყრობა რომ უყვარს).

ჰო, ითამაშებს რა მათ რიგებში, ხომ არ იბრძოლებს? ეს ხომ, უბრალოდ, თამაშია და ამ თამაშით (ისევ უბრალოდ), მილიონობით რუს ჯარისკაცს, პლუს გენერლებს, სამხედრო თუ სამოქალაქო მაღალჩინოსნებს და რაც მთავარია, მათ მხედართმთავარს ასიამოვნებს...

თუ, არ ასიამოვნებს?

მოიცა, რაღაც ვერ გავიგე: თუკი, თორნიკემ ეს გუნდი არჩია, მაშინ მისი წარმატებისთვის უნდა იბრძოლოს, ხომ? და თუ წარმატებას მიაღწევს, ე. ი. ასიამოვნებს!

„ვსიო“ (რუსების სიამოვნების „პონტში“ ვამბობ), ამ მონაკვეთში ყველაფერი დალაგდა, მაგრამ შემდგომი მონაკვეთი ვერ გავიგე: ანუ, იმ დღიდან მოყოლებული, რაც თორნიკე შენგელია ცსკა-ს მაისურს მოირგებს, მას უნდა ვუქომაგო საიმისოდ, რომ აწ უკვე თავის რუსული არმიის გუნდს ტიტულები მოაგებინოს და ზემოთ ჩამოთვლილ ხუილოებს ასიამოვნოს...

ღმერთო ჩემო, ეს ბოლო, რა რთული წინადადებაა, გინდ ისე, გინდ ასე, შინაარსით ხომ საერთოდ განადგურებს კაცს... წარმოდგენაც არ მინდა...

ჰოდა, გამმიჯვნელებს მივმართავ (ჯერ, საერთოდ რას მიჯნავთ და რატომ მიჯნავთ? სამარცხვინო თუ არაფერია ამ საქციელში, რა საჭიროა ეს სპორტისა და პოლიტიკის გამოყოფა-დაცალკევება? გაწუხებთ ეტყობა რაღაც):

რომ არ ვუქომაგოთ შენგელიას ხუილოების სიამოვნების სიყვარულსა და გაგებაში, მე და ჩემს პოზიციაზე მყოფნი არასწორი ვიქნებით და თქვენ, ვითომ თქვენი გვერდში დგომით, დამატებით რომ აგულიანებთ თორნიკეს (მიდი რა, დაიკიდე მაგათი აზრიო), აი, ეგ ხალხი მართალი დარჩებით?

მართლა ძალიან სამწუხაროა, რომ შენგელიამ, ქართველ ქომაგთა უდიდესი ნაწილისთვის (ეჭვიც არ მეპარება, რომ უდიდესი ნაწილია), ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება მიიღო და მათი აზრი, დამოკიდებულება, გულისტკივილი არ გაითვალისწინა. ეს მართლა განსაკუთრებული შემთხვევაა, თორემ ვინ ოხერი...

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩვენი, საზოგადოების (პირადად ჩემიც) წვლილი ამ გადაწყვეტილების მიღებაში, არცთუ მცირეა. მაგალითად: 90-იანების შუაში, გაზეთ „რეზონანსში“ ვმუშაობდი და ერთი პერიოდი, ვცდილობდი ხშირად გამოვხმაურებოდი ქართველი ფეხბურთელების რუსულ კლუბებში გადინებას. რა დასამალია და, ძალიან არ მომწონდა ეს პროცესი, უმთავრესად, იმავე მიზეზის გამო, რისთვისაც თორნიკეს ვაკრიტიკებ. თუმცა, წმინდა პროფესიული კუთხითაც, ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო: ქართველების კარგა მოზრდილი ნაწილი, ლამის, მთელი სეზონის განმავლობაში, პრაქტიკულად უსაქმოდ რჩებოდა და სერიოზულ დეკვალიფიკაციას განიცდიდა. ძირითადად, ეს მწვრთნელებისა და გუნდის ხელმძღვანელების დამოკიდებულების გამო იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, რიგ შემთხვევებში ჩვენი ფეხბურთელებიც სცოდავდნენ. წარმატებული კი, მხოლოდ ერთეულები თუ იყვნენ...

ჰოდა, მოკლედ, თითქოს კი ვწერდით რაღაცას მე და ჩემი კოლეგები, როგორც „რეზონანსში“, ისე მაშინდელ ცნობილ გაზეთებში (ძირითადად, სპორტულებში, რა თქმა უნდა), მაგრამ არც სიხშირე და განსაკუთრებით, არც მოთხოვნის ხარისხი არ იყო ისეთი, საზოგადოება რომ აგეყოლიებინა და შესაბამისი განწყობა შეგექმნა.

ალბათ იტყვით, რა განწყობა, რის აყოლიება, ნახევარი აფხაზეთი, ყველაფრის მიუხედავად, რუსეთში გაიკრიფაო (მაშინ, შედარებით ახალი მომხდარი იყო აფხაზეთის ოკუპაცია) და გარკვეულწილად, მართალიც იქნებით - მაშინაც იმავეს ამბობდნენ.

თუმცა, ჩვენ ყველას ჩვენი მაინც უნდა გვეცადა, ვისაც როგორ შეგვეძლო - სპორტულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის, სახელმწიფო იდეის მატარებელი უმთავრესი ინტერესი უნდა დაგვეყენებინა და ამას რომ მივაღწევდით, მერე სპორტშიც გაცილებით მაგრები ვიქნებოდით (ეს ორჯერ ორი ოთხივითაა).

უნდა გვეცადა! რა გამოვიდოდა არავინ იცის, მაგრამ რომ არც ვცადეთ?..

ჰოდა, დღეს კი გვაქვს გასაოცარი რეალობა - პირდაპირ მეუბნებიან, ცსკას უქომაგეო. ჩავაზუსტებ: კალათბურთი გუნდური თამაშია და ცალკე აღებულ შენგელიას ვერ უქომაგებ. ვიცი, ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავი რომაა, მაგრამ ისიც საყოველთაოდ ცნობილი მეგონა, შენგელიას ცსკა-ში გადასვლა არასწორი, პირადად თორნიკესა და მთლიანად ქვეყნის იმიჯის შემლახავი ქმედება რომ იყო. ამიტომ, ჩავაზუსტე რა, მაინც...

კიდევ, ისიც მეგონა კი არადა, დარწმუნებული ვიყავი, რომ სანამ ცოცხალი ვარ, საქართველოს ნაკრებს, უეჭველი, ყველგან და ყოველთვის ვუქომაგებდი (ან კი, სხვაგვარად როგორ უნდა მეფიქრა?), მაგრამ გამოვიდა ლამის მთელი ნაკრები და თორნიკეს ჩვენი მხარდაჭერაო. მოკლედ, ეს, ჩემთვის ერთ დროს საამაყო ხალხიც იმას მეუბნება, ცსკა-ს უქომაგეო. ჰოდა, მოდით რა - რუსებმა უქომაგონ ცსკა-ს!!! ხოლო ნაკრებს რაც შეეხება, მოვიდოდი თქვენს თამაშზე, მაგრამ ასეთი განწყობით, ან მე რა მინდა მაგ მატჩებზე, ან თქვენ რაში გჭირდებით? ძველ თუ ახალ სპორტის სასახლეს, სავრაუდოდ, მაინც გაავსებთ და თქვენი მოგება მაინც გამიხარდება... შორიდან!

P.S. თუ რა პოზიცია დაიკავა კალათბურთის ფედერაციამ, საიდუმლო არაა. ოფიციალური განცხადებაც გააკეთა - პრაქტიკულად იგივე შინაარსის, რაც ნაკრების წევრებმა თქვეს.

არ მეგონა თუ ფედერაციის ხელმძღვანელობაზე მეტად ადეკვატურად, ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოჩნდებოდა.

„ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიუღებელია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის ცსკა-ში გადასვლასთან დაკავშირებით“, - გასაგებად კონკრეტული იყო ზურაბიშვილი.

სულაც არ ვარ ზურაბიშვილის მხარდამჭერი და ბევრი მისი განცხადება, რბილად რომ ვთქვა, არ მომწონებია. თუმცა, ამ შემთხვევაში ასიანია - ცსკა-ს არ უქომაგოთო, გვეუბნება და ეს, სავსებით საკმარისია...

0.114246