კალათბურთი

0:14 | 9.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძე შენგელიას ტრანსფერზე: "საუკეთესო ფორვარდი ყველაზე სტაბილურ გუნდში გადადის"

ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ Sport-express-თან ინტერვიუში თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა. სანიკიძის აზრით, თოკო ევროპის ყველაზე სტაბილურ გუნდში გადადის და ეს ამბავი ახარებს.

„მოსალოდნელი იყო, რომ ქართველების ერთ ნაწილს ასეთი რეაქცია ექნებოდა ამ ამაბის შესახებ. მეც და მარკოიშვილიც ვთამაშობდით რუსეთში, მაგრამ სპორტი პოლიტიკასთან არ უნდა დავაკავშიროთ. თორნიკეს ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და პატრიოტია. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც სპორტი და პოლიტიკა არ იციან. უბრალოდ უნდათ ვინმე გააკრიტიკონ, შეურაცხყოფა მიაყენონ.

მოხარული ვარ, რომ ცსკა-ში გადადის, ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია ევროლიგაში, რომელიც ტურნირის ისტორიაში ყველაზე სტაბილური გუნდის წევრი გახდება. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, ვვარჯიშობდით, ვთამაშობდით და პარკეტს მიღმა ან გასახდელში არასდროს გვისაუბრია პოლიტიკის შესახებ. მერწმუნეთ ამის გარეშეც ბევრი სასაუბრო თემა არსებობს. ცსკა ძლიერ გუნდს აშენებს და მიზანი ერთი იქნება - ევროლიგაში გამარჯვება. თუ ბაზარზე სხვა გუნდები არ გააქტიურდებიან, მომდევნო სეზონში მთავარი ფავორიტები იქნებიან“, - თქვა სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თავად შენგელიამაც დაადასტურა ცსკა-სთან მოლაპარაკებები, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერ კონტრაქტზე ხელი არ მოუწერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116702